უსუფაშვილი ბახტაძეს: ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო

“შენების მოძრაობის ლიდერი” დავით უსუფაშვილი აკრიტიკებს მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას, არსებული შემადგენლობით წარუდგინოს მთავრობა პარლამენტს, შემდეგ კი სტრუქტურული ცვლილებები განახორციელოს და მინისტრთა შემცირებული კაბინეტი წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, კონსტიტუციას ჩახედოს:

„ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში, ნამდვილად არ მეგონა. საჭიროა, სასწრაფოდ, მთავრობას თუ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციას ჩახედონ. და ყველა, ვინც ამაზე საუბრობს, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს, ცოტა ხანი დავამატკიცებთ და მერე სხვა რაღაცას გავაკეთებთ და მერე კიდე დავამტკიცებთ. ნამდვილად არ მეგონა, თუ ამ დღეებში კიდევ რამე გამიკვირდებოდა… თუ ის კანონი არ მიიღეს სტრუქტურულ ცვლილებებზე, ასე, ცოტა ჰაიჰარად დამტკიცებული მთავრობა უნდა დარჩეს სახელმწიფოს?” – ამბობს დავით უსუფაშვილი “რუსთავი 2-სთვის” მიცემულ ინერვიუში.

უსუფაშვილის თქმით, ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა:

“ამიტომ ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა, იქნებ პარლამენტში მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომაც და ახალ პრემიერს თუ პრემიერობის კანდიდატს განუმარტოს, რა საქმეს ჰკიდებს ხელს, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც და რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას“ – ამბობს “შენების მოძრაობის ლიდერი” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან.


დღეს პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ არ წარადგინა მომავალი მთავრობის განახლებული შემადგენლობა.

ბახტაძის განმარტებით, მისი სამთავრობო პროგრამა, რომელიც უკვე მზად არის, ითვალისწინებს 14 სამინისტროს 11-მდე შემცირებას, თუმცა დღეს არსებული კანონმდბელობიდან გამომდინარე მინისტრობის 11 კანდიდატს ვერ დაასახელებდა, რადგან სამინისტროების შემცირებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ესაჭიროება.

ამიტომ, ბახტაძის თქმით, მთავრობის დღეს არსებული შემადგენლობა ფორმალურად უცვლელი რჩება, მას შემდეგ კი, რაც ის ნდობას მოიპოვებს, პარლამენტში ახალი საკანონმდებლო წინადადებებით წარდგებიან და სამინისტროების შემცირებას მოითხოვენ, ამის შემდეგ კი  მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. ბახტაძე ამბობს, რომ მომავლ მთავრობაში ახალი სახეები აუცილებლად იქნებიან, ახალი მინისტრების ვინაობას კი საზოგადოება დაახლოებით 2-3 კვირაში გაიგებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.