ახალი ამბები

ბახტაძე მცირე მთავრობის პირობებში 100-120 მილიონი ლარის დაზოგვას ვარაუდობს

18 ივნისი, 2018 • 2135
ბახტაძე მცირე მთავრობის პირობებში 100-120 მილიონი ლარის დაზოგვას ვარაუდობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი სამთავრობო პროგრამა, რომელიც უკვე მზად არის, ითვალისწინებს 14 სამინისტროს 11-მდე შემცირებას. ბახტაძის თქმით, ამ გზით 100-120 მილიონი ლარის დაზოგვა მოხდება და ეს თანხა სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯება:

“მცირე მთავრობის კონცეფცია არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას. ეს არის კონცეფცია, თუ რა წილი უნდა ჰქონდეს მას მთლიან შიდა პროდუქტში, მთლიან ეკონომიკაში. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს, საორიენტაციოდ, ჩვენი ხარჯები ამ მიმართულებით იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4,3 პროცენტი. მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებით ისე, რომ ის არ აღემატებოდეს 3,9 პროცენტს. თანხაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მომავალში საშუალება მოგვეცემა, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, 100-120 მილიონი ლარის ფარგლებში მივმართოთ სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებზე” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღეს არსებული კანონმდბელობიდან გამომდინარე ბახტაძე ვერ დაასახელებდა მინისტრობის 11 კანდიდატს, რადგან სამინისტროების შემცირებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. ამიტომ, ბახტაძის თქმით, მთავრობის დღეს არსებული შემადგენლობა ფორმალურად უცვლელი რჩება, მას შემდეგ კი, რაც ნდობას მოიპოვებს, ისინი პარლამენტში ახალი საკანონმდებლო წინადადებებით წარდგებიან და სამინისტროების შემცირებას მოითხოვენ, ამის შემდეგ იგი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. ბახტაძის თქმით, მომავლ მთავრობაში ახალი სახეები აუცილებლად იქნებიან, ახალი მინისტრების ვინაობას კი საზოგადოება დაახლოებით 2-3 კვირაში გაიგებს.

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშილს შეცვლის, რომელიც გასულ კვირაში გადადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი