ახალი ამბებიეკონომიკა

ბახტაძე: მივესალმებოდი და ყოველთვის მხარს დავუჭერ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას

18 ივნისი, 2018 • 5284
ბახტაძე: მივესალმებოდი და ყოველთვის მხარს დავუჭერ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ყოველთვის დაუჭერს მხარს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას.

ნეტგაზეთის კითხვის საპასუხოდ, ამ ფორმით და მშენებლობაში მონაწილე მხარეების ამ შემადგენლობით, უჭერს თუ არა პრემიერობის კანდიდატი მხარს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, ბახტაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი:

“საქართველოს საკუთრი ტრანზიტული პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის აუცილებლად სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და, შესაბამისად, ასეთი პორტის მშენებლობა არის აუცილებელი, რომ სრულფასოვნად ავითვისოთ ჩვენი ტრანზიტული პოტენციალი. ასევე,  გავუწიოთ კონკურენცია ალტერნატიულ დერეფნებს. მე ადრეც მივესალმებოდი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იდეას და ყოველთვის მხარს დავუჭერ” – თქვა მამუკა ბახტაძემ.

ქართული მედიის ნაწილი წყაროებზე დაყრდნობით ბოლო პერიოდის განმავლობაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ანაკლიის პორტის ნაწილი ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირების საგანი იყო. ამ ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილს კვირიკაშვილთან კრიტიკული კითხვები ჰქონდა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ანაკლის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.  ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება და პორტის ოპერირების დაწყება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ანაკლიის პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა ცხრა ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში, არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს  – 7 მლნ ტონას, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონაა და მეთორმეტე წელს- არანაკლებ 40 მლნ ტონისა).

მასალების გადაბეჭდვის წესი