ახალი ამბები

გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

17 იანვარი, 2014 •
გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაში დღეს, 17 იანვარს, მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წარმომადგენლებმა, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, მთავრობის სხვა წევრებმა, პარლამენტარებმა, თურქეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.

 

 

“ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკური წინსვლისათვის, რაც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის საწინდარია.  საქართველოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, რასთანაც პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს უსაფრთხოება  და დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ აქვს ამხელა მნიშვნელობა ისეთი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, რომელსაც დღეს ვუყრით საფუძველს.

 

 

 

მოგეხსენებათ, ენერგეტიკა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობისათვის და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გარდაბნის თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან შევა და ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს. 

 

„ეს იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს.  გენერაციის ახალი წყაროების შექმნის თვალსაზრისით ეს პროექტი  მნიშვნელოვანი წინსვლაა,“ – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ. მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება: 

 

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე  სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი  და უფრო ეკონომიური  იქნება“. 

 

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია. იგი ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ. მშენებლობას თურქული კომპანია – „ÇALIK ENERJİ“ ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი