“თქვენთან შეხვედრა ჩვენი ინიციატივით მოხდა, ნოემბერში ხდებოდა რეგიონებში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა და დღეს გვაქვს საშუალება ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც ქსელში არსებობს. ვფიქრობთ, რომ ნოემბერში და დეკემბერში ქსელში მიმდინარე გათიშვები იყო კატასტროფული. თუ ჩემი წინამორბედი მინისტრი არ აკეთებდა კომენტარს ამ საკითხზე, მე ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებ. უკმაყოფილო ვარ, სამინისტრო უკმაყოფილოა “ენერგო პროს” მუშაობით, უკმაყოფილოა ხალხი და არ ვაპირებთ პრობლემების მიჩქმალვას”, – განაცხადა კახი კალაძემ.
მინისტრის თქმით, “ენერგო პროს” ასევე სერიოზული პრობლემები აქვს მენეჯმენტის კუთხით, რადგან ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ “ენერგო პროს” ოფისში დაგვიანებით მიდის.
კალაძემ ნიკოლაი ნიკოლაევს მოსთხოვა, რომ უახლოეს დღეებში მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს კომპანია და რა თანხა დაიხარჯება ელექტროენერგიის ქსელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
“ელექტროენერგია მოსახლეობას უნდა მიეწოდებოდეს 24-საათიან რეჟიმში და ეს არის თქვენი მოვალეობა”, – განუცხადა კალაძემ ნიკოლაევს.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში ელექტროენერგიის მაღალი ძაბვით მიწოდების გამო მოსახლეობას ტექნიკა დაუზიანდა. მან თავის მოადგილეს, ილია ელოშვილს ამ საკითხის შესწავლა დაავალა და განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს ეს საკითხი და საჭროების შემთხვევაში მოსახლეობამ კომპენსაცია უნდა მიიღოს.







