ამ თვალსაზრისით, დიმიტრი უზნაძის ქუჩის 51-ე ნომერში მდებარე გვარიანად შელანძღულ შენობას ნამდვილად უფრო გაუმართლა, ვინაიდან რემონტისა და შენობაში აქამდე ყველასაგან მივიწყებული მიხეილ შენგელიას სახელობის „ქართული მედიცინის მუზეუმისათვის“ ფუნქციის დაბრუნება ერთბაშად იტვირთა „თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა თბილისმა“.
მოკლედ, როგორც ასეთ შემთხვევაში კომპრომისების მოყვარულები იტყვიან ხოლმე, 150 წლის ისტორიის მქონე ამ შენობაში ძველისა და ახლის ჰარმონიულ სიმბიოზს უნდა ჰქონდეს ადგილი. ხოლო, თუ ასეთი ზომიერი მიდგომა მომავლისათვის ნორმად ჩამოყალიბდა, ვფიქრობ, აქაურ “ძირძველ“ მენტალიტეტს სიახლეებთან შეგუება აღარ გაუჭირდება, მით უმეტეს, რომ გასაქცევი ნამდვილად აღარსად ექნება ლამის მტკვრის პირამდე შევიწროვებულ „მარცხენა ნაპირის“ მითებსა და მისტერიებს.
მაგრამ ხელოვნება, აბა, რისი ხელოვნება იქნება, თუ ყველაფერს მხოლოდ კარგად აპრობირებულ კალაპოტში მოაქცევს და თავისი ამბიციური ბუნებიდან გამომდინარე რაღაცის შეცვლას მაინც არ შეეცდება. მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ არდასრულებული პოსტმოდერნული კრიზისი ძველისა და ახლის, „მაღალი“ და „დაბალი“ კულტურების სინთეზს შემაწუხებელი ბანალურობით ისედაც ჭარბად გვთავაზობს.
მართლა ჩვენი ყბადაღებული სიზარმაცის ბრალი უნდა იყოს, თორემ ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში უკვე საკმაოდ მოძველებული პოსტმოდერნული იდეები ნამდვილად ვეღარ უნდა გრძნობდეს თავს ასე კომფორტულად. არადა, თავის დროზე მოდერნიზმის იდეის სრულიად განსხვავებულ კონტექსტში განმახორციელებელი ნიკო ფიროსმანაშვილისა და დავით კაკაბაძის მაგალითზე, თანამედროვე ხელოვნების გაუვალ ჯუნგლებში უსახელოდ ჩაკარგულ ქართველებს გამოსავალი უკვე კარგა ხნის ნაპოვნი უნდა გვქონდეს.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთ საყოველთაო „გოიმობის“ პირობებში დიდხანს ყოფნის უფლებას თვითონ განგება არ გვაძლევს და თბილისი, როგორც 41-ე გეოგრაფიულ პარარლელზე მდებარე მისტიკური ქალაქი (ი. ზდანევიჩის მიგნება), თავისი ირაციონალური შესაძლებლობების ამოქმედებას იწყებს. ამ დროს, როგორც წესი, ყველაფერი თავის კუთვნილ ადგილზე აღმოჩნდება ხოლმე.
ჩვენს შემთხვევაშიც ზუსტად ასეა და სრულიად კანონზომიერად მოხდა, რომ თანამედროვე ხელოვნებამ „გამოსაჯანმრთელებლად“ სწორედ ქართული მედიცინის მუზეუმს მიაშურა. ამიერიდან „51-ე სახლში“ მიმდინარე კათარზისის იდუმალ პროცესებზე თვალის შევლების საშუალება ნამდვილად ყველა ჩვენგანს ექნება.
აქვე იმაზეც მოგვიწევს შეთანხმება, რომ პოსტმოდერნიზმის დასასრული თანამედროვე ხელოვნების დასასრულსაც გულისხმობს და თამამად განვაცხადოთ, რომ მარსელ დუშამის მიერ 1913 წელს დატრიალებული ველოსიპედის ბორბალი ზუსტად ასი წლის თავზე სწორედ უზნაძის N51-თან გაჩერდა და ჩვენ ერთ-ერთი „პირველები“ აღვმოჩნდით, ვინც ჩაქუჩთან, ხერხთან თუ Haidelbergcement-ის მიერ ნაჩუქარ საშენ მასალასთან ერთად ისევ დავბრუნდით „კულტურაში“ (ი. ჰაბერმასი), რათა ამიერიდან ნამდვილ შემოქმედებით პროცესთან ზიარების უფლება უფრო მეტი თავმდაბლობითა და სიყვარულით მოვიპოვოთ.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დასავლური ხელოვნების კრიტიკული აზრი მწვავედ ამახვილებდა ყურადღებას ხელოვნებაში გადაჭარბებული საგნობრიობისა და მატერიალურობის საშიშროებაზე. მართებულად მიუთითებდა იმ გამოუვალ მდგომარეობაზე, რომელშიც აუცილებლად აღმოჩნდებოდა თანამედროვე ხელოვნება გარკვეული პერიოდის შემდეგ.
ამ თვალსაზრისის საპირისპიროდ, „თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისის“ მიერ განხორციელებულ ინიციატივებში უკვე შეინიშნება ისეთი არამატერიალური ფენომენების არსებობა, როგორიცაა გაზიარების, სიკეთისა და სიყვარულის პრეზენტაცია. ყველა ეს მოცემულობა დღემდე არსებობს ქართული სოფლის ტრადიციულ გარემოში თავისი სამეურნეო-კულტურული საფუძვლების სახით და რომელთანაც ინტერაქციას შესანიშნავად ახერხებს „თანამედროვე ხელოვნების ცენტრი“ სოფელ შინდისში მის მიერვე შექმნილი პროექტ „საველე აკადემიის“ მეშვეობით.
„სოფელში“ მიღებული ამ უნიკალური გამოცდილების გადმოტანა კარგადაა შესაძლებელი „ქართული მედიცინის მუზეუმის“ ახალ სივრცეში, სადაც ზაზა ფანასკერტელის ხელნაწერი „კარაბადინის“ მისტიკურობა, თუ სამკურნალო ლოცვებში ჩაღრმავების პრაქტიკა სრულიად ნათლად წარმოგვიჩენს, ასევე, მუზეუმში მოძიებულ, ისტორიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ნაშრომში („ქართული ოქრომჭედლობა“) გატარებულ აზრს სულიერი გზებით ადამიანის ტრანსფორმირების შესაძლებლობაზე.
გამომდინარე აქედან, უნდა ვივარაუდოთ, რომ მუზეუმში დაცულ, დღემდე შეუსწავლელ ძალიან საინტერესო მასალებზე მუშაობა თანაბრად სასარგებლო იქნება, როგორც ქართული მედიცინის ისტორიისათვის, ასევე, „ხელოვნების ტრანსფორმირების“ აუცილებელი პროცესისთვისაც.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერული და სახელოვნებო მიმართულებების განვითარების ასეთ პერსპექტივას დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რამაც აღნიშნული ინიციატივაზე კომპლექსურად მუშაობის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაზარდა.
დაბოლოს, ადამიანები, რომელთა აბსოლიტურმა უანგარობამ შესაძლებელი გახადა არა მარტო სამუზეუმო ექსპონატების გადარჩენა, არამედ მთლიანად ძეგლის სტატუსის მქონე ამ შენობისთვის ფუნქციის შენარჩუნება – ბატონების, რამაზ შენგელიას (მუზეუმის დირექტორი), მიშა თავაძისა (დირექტორის მოადგილე) და ზურა აფხაზიშვილის (მხატვარი) საქმიანობამ თუ პიროვნულმა თვისებებმა თითქოს თავიდანვე უცნაურად განაპირობა აქაურობის მომავალი.
„საკუთარი ქვეყნისა და ერის ისტორიის, მისი ენისა და კულტული ფენომენის“ მისტიკურ კონტექსტში კვლევა, რაც პროფესორ რამაზ შენგელიას მეცნიერული მუშაობის ინტერესი გახლავთ, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ „ირაციონალურ პერსპექტივაზე“, რომლის მიღწევაც „ჰიპერრეალიზმში“ გაქვავებულ ხელოვნებასაც თავისუფლად შეუძლია.
რამაზ შენგელიას უწყვეტ სამეცნიერო მუშაობას პარალელურ რეჟმში ეხმიანებოდა ზურა აფხაზიშვილის „ექსპრესიული“ შემოქმედება (ზურას შენობის ერთ ნაწილში სახელოსნო აქვს მოწყობილი და წლების მანძილზე წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობით აცოცხლებდა მუზეუმის „ჩაკლულ სულს“). ხოლო მიშა თავაძის „თბილისურ აქცენტს“ კიდევ ერთი დამატებითი შტრიხი შეჰქონდა იმ საერთო კულტურულ კონტექსტში, რასაც ჩვენს შემთხვევაში მეცნიერების, ხელოვნებისა და „ადგილის სპეციფიკის“ (Sight Spechipic) ერთობლიობა ჰქვია.
საბოლოოდ კი, ყველა აქ ნაჩვენებ რესურსს აერთიანებს ბიზნესმენ თეიმურაზ უგულავას მხარდაჭერა, რაც ქართული ხელოვნებისა და მედიცინის მუზეუმის ამ ახალ ინიციატივას შემდგომი განვითარებისთვის საუკეთესო წინაპირობას უქმნის.
ყოველივე ამის შედეგად მუზეუმის ბაზაზე ისევ ჩნდება შესაძლებლობა, რომ ჯერ კიდევ „კოლხი მედეას“ საფუძველზე ჩამოყალიბებული ქართული მედიცინის გლობალურ კონტექსტში განხილვის ცდები ახალი მიმართულებებითა და პერსპექტივებით მომავალში ისევ გაგრძელდეს.
რაც შეეხება ასეთ „მზამზარეულზე“ მოსულ თანამედროვე ხელოვნებას, უნდა ითქვას, რომ მას უკვე მოძველებული კონტრკულტურული მანიპულაციები ნამდვილად აღარაფერში გამოადგება. რადგან დღეს კიდევ არის იმის შანსი, რომ გასული საუკუნის დასაწყისში დავით კაკაბაძის მიერ მითითებული „რეალობის ღრუბლებს ზევით ასასვლელი“ გზა უფრო მეტი მორჩილებითა და უბრალოებით თვითონვე გამონახოს. სხვა შემთხვევაში, ისღა დაგვრჩება, რომ იძულებული ვიქნებით სავალალო მდგომარეობაში მყოფ ხელოვნებას გულწრფელად მივუსამძიმროთ: დაე, მისთვისაც „მსუბუქი“ ყოფილიყოს მედიცინის მუზეუმის მტვერი.