ახალი ამბები

18:30 საათზე მთავრობის საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

13 ივნისი, 2018 • 1745
18:30 საათზე მთავრობის საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

დღეს, 13 ივნისს, 18:30 საათზე მთავრობის კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა.

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისის დილიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები. კერძოდ, შესაძლოა, პოსტი დატოვონ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. გუშინ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს მმართველი პარტიის ლიდერებმა, თუმცა მათმა ნაწილმა არ გამორიცხა ცვლილებები.

“პროცესებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი, როგორ, რანაირად, ამაზე მე ახლა პასუხს ვერ გაგცემთ. ცვლილება შესაძლებელი მგონია, რადგან ყოველ ჯერზე საჭიროა გარკვეული განახლება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა და აჩვენა პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას”, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ.

“ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ “მთელი რიგი ცვლილებები საჭიროა, მათ შორის, თვისობრივი ცვლილებები.”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ მთავრობაში რიგი მინისტრების შეცვლის საჭიროება არ არსებობს. მისი თქმით, როდესაც ხალხში ასეთი უკმაყოფილებაა, მთავრობა უნდა გადადგეს.

ბოლო დროს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართული აქციების უმთავრეს მოთხოვნათა შორის იყო პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი