ახალი ამბები

C ჰეპატიტის მკურნალობა 3-ჯერ ნაკლებ ფასად

27 დეკემბერი, 2013 •
C ჰეპატიტის მკურნალობა 3-ჯერ ნაკლებ ფასად

23 წლის პაციენტის მკურნალობაში ოჯახი კვირაში 500 ლარამდე ხარჯავს.

ანტივირუსული ქიმიოთერაპიის კურსი 48 კვირამდე გრძელდება. მკურნალობის გაიაფების იმედი პაციენტს და მის ოჯახს რამდენიმე თვის წინ გაუჩნდათ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა.

 

ჩაშლილი ტენდერი

 

პირველ ტენდერში  მონაწილეობას შპს “ჯი ენ სი”, შპს ფარმა და პსპ აფთიაქი იღებდნენ. გამარჯვებული აღმოჩნდა შპს „ჯი -ენ- სი“, რომელსაც წარმოდგენილი ქონდა რუსული კომპანია „ბიოკადის“ წარმოების პრეპარატი – „ალგერონი“ და ეგვიპტური წარმოების „რიბავირინი.“ თუმცა, გამარჯვებულის გამოცხადების მიუხედავად, ტენდერი ჩაშლილად გამოაცხადეს.

 

„პრობლემური იყო ტენდერი იმ კუთხით, რომ სულ არის ორი მოთამაშე კომპანია, რომლებიც ყიდიან  მერკის და როშის მედიკამენტს. კომპანია მერკის წარმომადგენელმა ფირმამ ამ ტენდერში არ მიიღო მონაწილეობა. ტენდერი დამთავრდა წარუმატებლად იმის გამო, რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ მის მიერ დააფიქსირებული ფასის უზრუნველყოფა ვერ გააკეთა,“ – ამბობს თალაკვაძე, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე.

 

მხოლოდ ერთი მონაწილე


აღნიშნული ტენდერის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე  რამდენიმე დღეში ახალი ტენდერი გამოაცხადა. ოპტიმიზმის  საფუძველი, რომ ამჯერად ტენდერი წარმატებით დასრულდებოდა, სახელმწიფოს იმის გამო ჰქონდა, რომ მასში მონაწილეობას რამდენიმე კომპანია მიიღებდა.

 

“ჯი-ემ-პი იყო ერთადერთი კომპანია. პირობები სრულად შეესაბამება და აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს,”- ამბობს  ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, შალვა ბაღაშვილი.

 

ქართული კომპანია „ჯი-ემ-პი“-ს მიერ ტენდერზე წარმოდგენილი, მის მიერვე წარმოებული მედიკამენტის, „პეგფერონის“ (საერთაშორისო დასახელება – პეგინტერფერონი ალფა) ერთეულის ფასი 158,68 ლარს შეადგენს. ეს ფასი დღეს საქართველოს სავაჭრო ქსელში არსებულ ფასზე (475 ლარი) დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია. აღნიშნულ მედიკამენტთან ერთად პაციენტი საჩუქრად „კოპეგუსს“ (საერთაშორისო დასახელება – რიბავირინი) მიიღებს.

 

ტენდერის პირობების თანახმად, პენიტენციალური სექტორის პარალელურად, დაბალ ფასად მკურნალობის კურსის შეძენას 10 000 მოქალაქეც შესძლებს.

 

მკურნალობა გისოსებს მიღმა

 

პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემისთვის უკვე შემუშავდა და ხორციელდება C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკის პროგრამა; აღნიშნული პროგრამით ერთი წლის განმავლობაში 12 000 პატიმრის გამოკვლევა და 500 პაციენტის მკურნალობაა გათვალისწინებული.  პატიმრების მკურნალობა ჯერ არ დაწყებულა.

 

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, პატიმრების მკურნალობა საჭირო მედიკამენტებით 2014 წლიდან იქნება შესაძლებელი.

 

სახელმწიფო ბიუჯეტი C ჰეპატიტის გვერდის ავლით

 

2014 წლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 313 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა  2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში C ჰეპატიტი არც მკურნალობის და არც დაავადების პრევენციის კუთხით ცალკე კოდად არ არის წარმოდგენილი

 

“ამ დაავადებების პრევენცია ბიუჯეტში მოიაზრება სხვა დაავადებებთან ერთად უსაფრთხო სისხლის პროგრამაში, რაც დონორული სისხლის კვლევის მხარდაჭერას გულისხმობს. ამისთვის 2013 წელს 1 მილიონი ლარი, ხოლო 2014-ში  1,2 მილიონია გათვალისწინებული. გარდა ამისა, C ჰეპატიტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბიუჯეტით გათვალისწინებულია  ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის,”- ამბობს ეკონომიკის საკითხთა მკვლევარი და პოლიტიკკის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე.

 

„ცხადია, ყველა პაციენტის მკურნალობა ბიუჯეტში გათვალისწინებული ვერ იქნება. ყველას მკურნალობა რომ დავიწყოთ, ჯანდაცვის მთელი ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდება,“- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

 

ჯანმრთელობის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის მკურნალობას 47 500 პაციენტი საჭიროებს, მკურნალობის ხარჯები დღევანდელი გათვლებით 98 მილიონ ლარს შეადგენს. ვიდრე სახელმწიფო მკურნალობას სრულად დაფარავს, პრეპარატის საფასურის გაიაფებაა საჭირო. ფასის შემცირება მკურნალობას ხელმწისაწვდომს გახდის.  

 

„არავის აქვს იმის ილუზია, რომ სახელმწიფოს 2014 წელს C ჰეპატიტის მკურნალობის დაფინანსება შეუძლია.  ამ დაავადებასთან ბრძოლა მხოლოდ მკურნალობა არ არის. ყოველ დღეს საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევები ფიქსირდება. ამ მიმართულებით არაფერი კეთდება.  ეგვიპტეში 60 000 პაციენტი მკურნალობს სახელმწიფოს ხარჯზე და 100 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. სისხლთან დაკავშირებულ პროცედურებზე მონიტორინგის გამკაცრებას არ ესაჭიროება მილიონები. ამას პოლიტიკური ნება სჭირდება. სოციალური ქსელებით პეტიციას ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა. პარლამენტარებმა მათი თხოვნა არ გაითვალისწინეს და C ჰეპატიტთან ბრძოლა ცალკე პროგრამულ მუხლად არ გამოიტანეს,“- ამბობს ირაკლი იმნაიშვილი, C ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანების დამფუძნებელი.

 

C ჰეპატიტით ინფიცირების რისკი კვლავ მაღალი რჩება.  სამედიცინო და სილამაზის მომსახურების სერვისები ზედამხედველობის გარეშე ფუნქციონირებენ, ვინაიდან არ არსებობს უწყება, რომელიც სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტს გააკონტროლებს. ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსის რუკაზე საქართველო ცხელ წერტილად არის აღნიშნული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი