ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “არგუმენტებში” განაცხადა:
“ჩვენი ამოცანაა ყველა დამნაშავე, თუკი ვინმემ დაარღვია კანონი, წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ამას საქართველოში და სხვა ქვეყნებში აკეთებენ ისეთი პროფესიის ხალხი, როგორებიც არიან პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციის თანამშრომლები. ასეთი ადამინები როდესაც იწყებენ აქტიურობას, დღის სინათლეზე გამოდის ძალიან მძიმე თემები, რომლებიც ძალიან მტკივნეულია თითოეული მოქალაქისთვის. ჩვემთვის მტკივნეულია ყველა საკითხი, რომელიც ამ გამოძიების დროს იკვეთება ხოლმე. ასეთ დროს ინტერესი იმ ადამინების მიმართ, ვინც ასეთ საკითხებს იძიებენ, მაღალია. ქვეყნის მთავარი პროკურორი, ეს არის არა რიგითი პროკურორი, არამედ სახე პროკურატურის და ის უნდა იყოს ისეთი, მუშაობდეს და იქცეოდეს ისე, რომ ყოველგვარი კითხვა, ყოველგვარი ეჭვი, რომ ყოველგვარი ხინჯი, რომელიც ვინმეს თუკი აქვს საზოგადოებაში, იყოს დროზე პასუხგაცემული, დროზე სათანადოდ მოგვარებული, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება”– განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო დღეებში ფარცხალაძის მიმართ გაიხსნა ძალიან სერიოზული ფრონტი:”რომ გითხრათ, ეს მოულოდნელი იყო, ვიტყვი, რომ არა. ასეთი ფრონტი იყო გახსნილი პორკურატურის წინა ხელმძღვანელებთან, როგორც კი ისინი რაიმე სერიოზულ საკითხს მიადგებოდნენ.მე მქონდა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილთან და მისგან მივიღე ძალიან მყარი და მკაფიო პასუხი, რომ ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია, არ არსებობს არც ერთი ნიუანსი, რომელიც სამართლებრივ ან მორალურ ეჭვს იწვევს მის ბიოგრაფიაში. ბატონი ფარცხალაძე ბრალდებულია, რომ 12-13 წლის წინ მას გერმანიაში ჰქონდა გარკვეული პრობლემები სამართალდამცავ სისტემასთან, რომელიც მალევე მოგვარდა და მას შემდეგ უპრობლემოდ მოგზაურობს ამ და სხვა ქვეყნებშიც, სამართლებრივად მას ნასამართლობა არ გააჩნია და თუ მას ოდესმე სამართლებრივად პრობლემა ჰქონდა, ჰქონდა მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს პოლიციაში მუშაობდა. თუმცა, მე არ ვიზიარებ არგუმენტაციას, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუთხრა, თქვენთანაც ხომ მუშაობდა და დააჯილდოვეთ. ჩვენთვის არ არის სტანდარტი, რას აკეთებდა წინა ხელისუფლება.”
უსუფაშვილის განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხგაუცემელი კითხვა უნდა დარჩდეს:
“ეს არის ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის პოზიცია: არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ სვამს ამა თუ იმ კითხვას. თუნდაც ისეთი ხალხი, რომელთა მიმართაც ათჯერ და ასჯერ მეტი კითხვაა დასმული და ძალიან ხშირად პასუხებიც ნათელია. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ სვამს კითხვას. ჩვენ, ხელისუფლებამ, მთავრობამაც, პროკურორმაც, პარლამენტის წარმომადგენლებმაც უნდა გავცეთ საზოგადოებას ამომწურავი პასუხი. მთელ იმ აურზაურში, რომელიც ახლა არის ატეხილი, ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან იყო დაშვებული მცირე შეცდომა, რომ მალევე, მყისიერად, ყველა საკითხზე ამომწურავი, ფაქტობრივი გარემოებებით გამაგრებული პასუხი არ გაიცა.”
რაც შეეხება მთავარი პროკურორის კომპეტენციის საკითხს, უსუფაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით ყველა საკუთარი უფლებამიოსილების ფარგლებში მოქმედებს:
“საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ის პასუხს აგებს იმ საკითხებზე, რაზეც პასუხს აგებს. პარლამენტის თავმჯდიმარეც მოქმედებს იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მას ევალება. პრემიერ–მინისტრს მეტი პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული ჩვენი სისტემიდან გამომდინარე. არის პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ ჩვენი საკითხები მოგვეკითხება. დღეს იყო მსჯელობა, უნდა გაიზარდოს თუ არა ხელფასები და გაიცეს პრემიები პარლამენტის წევრებზე. ჩემი პასუხი იყო მკაფიო, რომ არავითარი პრემიები პარლამენტის წევრებზე არ უნდა გაიცეს და ეს მახინჯი პრაქტიკა უნდა დასრულებულიყო. თუმცა ოპონენტებმა ოპოზიციიდან მიმითითეს, აი, მინისტრები რომ იღებენ პრემიას, მოდი, ჩვენც ავიღოთ.”
დავით უსფაშვილის განცხადებით, ის ოთარ ფარცხალაძეს ურჩევს, რომ პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებას:”ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ არა უგულავას ან სხვებს, მათ მიერ დასმულ საკითხებზე, ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ საზოგადოებას. ჩვენ საზოგადოების ინტერესი და მოთხოვნიება უნდა დავაკმაყოფილოთ.”