ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის GPB-ის მეურვეობის ერთი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

26 დეკემბერი, 2013 • • 987
საპარლამენტო უმრავლესობის GPB-ის მეურვეობის ერთი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

თინა ხიდაშელი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საპარლამეტნო უმრავლესობა კონკურსში მხოლოდ ერთ კანდიდატს წარადგენს:

 

“ჩვენ ნათელა სახოკიას გავუწიეთ რეკომენდაცია. ამჯერად მხოლოდ ერთ კანდიდატს წარვადგენთ, მასზე შეჩერდა ჩვენი ყურადღება, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ ადამიანზე ამ შემადგენლობიდან, დანარჩენზე მომდევნო ტურში ვისაუბრებთ. ქალბატონი ნათელა უკომპრომისო და პრინციპული ადამიანია, ძალიან მაღალი ხარისხის პროფესიონალია, ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ საბჭოში, სწორად მართვის პროფესიონალი, რომლებმაც იციან სისტემური ხედვა და ქალბატონი ნათელა ერთ-ერთი გამონაკლისია ჩვენს ქვეყანაში ასეთი კვალიფიკაციის მატარებელთა შორის.”


ორი კანდიდატი უკვე დაასახელა საპარლამენტო უმცირესობამ. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის კონკურსში მხარს ნინია კაკაბაძეს და ქეთი მსხილაძეს დაუჭერენ, ხოლო მესამე კანდიდატს ამ ეტაპზე არა ასახელებენ. 

 

ნინია კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრთა 6 ხმა მიიღო, ქეთევან მსხილაძემ -7. 

 

27 კანდიდატიდან უკვე შეარჩია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეურვის ორი კანდიდატი სახალხო დამცველმაც. უჩა ნანუშავილის რჩეულები ლელა გაფრინდაშვილი და მარინა მუსხელიშვილი აღმოჩნდნენ.

 

საკუთარი კანდიდატურა უკვე წარადგინა აჭარის უმაღლესმა საბჭომაც – მათი რჩეული გენო გელაძე აღმოჩნდა. მან საკონკურსო კომისიისგან შეფასების სახით 9 ქულა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი