ახალი ამბებიკომენტარი

„ვფიცავ ალაჰს“ – ქისტი თემი პარლამენტთან

5 ივნისი, 2018 • 8257
„ვფიცავ ალაჰს“ – ქისტი თემი პარლამენტთან

ავტორი: ირინე ბერიძე


2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სასიკვიდლოდ დაჭრილი მოსწავლის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, უკვე 6 თვეა შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს. ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად თბილისში, პარლამენტის წინ, უამრავი ადამიანი შეიკრიბა. შვილმკვდარი მამის მხარდასაჭერად პანკისიდან ჩამოვიდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელიც სარალიძეების მსგავსად გასული წლის დეკემბრიდან ამაოდ ეძებს სამართალს. 19 წლის თემირლანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 26 დეკემბერს პანკისში, საკუთარ ლოგინში, სასიკვდილოდ დაჭრეს.

აქციის პირველივე დღიდან სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, შვილმკვდარ მშობლებთან და სხვებთან ერთად  იდგნენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. 31 მაისის აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხები, აზერბაიჯანელები და ქისტები.

მიუხედავად იმისა, თუ რა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს ეს საპროტესტო ტალღა, რა გავლენას იქონიებს ამ პროცესებში ოპოზიციური პარტიების აქტიური ჩართვა, გადადგება თუ არა მთავრობა და დაისჯებიან თუ არა მკვლელები, ამ აქციამ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი რამ გვაჩვენა.

შეიძლება ითქვას, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გამორჩეული და ისტორიულია მასში ქართველი ქისტების მონაწილეობის და აქტიურობის გამო. თემირლან მაჩალიკაშვილის მამის გარდა აქციის პირველ დღეებში პარლამენტის წინ გამოვიდა თემირლანის და, ნატა მაჩალიკაშვილი, და ლეილა აჭიშვილი, რომელმაც იქ შეკრებილებს ქისტი დედების სახელით მიმართა. რატომ არის ეს ორი გამოსვლა, მახლაზ მაჩალიკაშვილის გამოსვლებთან ერთად, მნიშვნელოვანი და რატომ იმსახურებეს ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აქამდე თითქმის უხილავ თემს პირველად მიეცა შესაძლებლობა, პერიფერიიდან ცენტრში გადმოენაცვლათ და პოლიტიკური მოვლენების უშუალო მონაწილეები და აქტორები გამხდარიყვნენ. აქამდე  ქისტების ხილვადობა მხოლოდ ნეგატიურ ჭრილში შეგვეძლო განგვეხილა. პანკისის ხეობა ათწლეულების მანძილზე ერთგვარ უკონტროლო ზონად ითვლებოდა, სადაც ადამიანებს იტაცებდნენ, კლავდნენ, სადაც თითქოსდა იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალებები, ჩეჩნეთიდან და რუსეთიდან შემოდიოდნენ ტერორისტები და საქართველოში მუდმივი საფრთხის ატმოსფეროს ქმნიდნენ. მაჩალიკაშვილის საქმემ და მასთან დაკავშირებულმა უსამართლობის გრძნობამ პანკისზე და ქისტ ხალხზე დომინანტური ნარატივი მნიშვნელოვნად შეცვალა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის სიტყვას: „მე სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც დიდი სიყვარული გამაჩნია ქართველი ერის, მე ამას ყოველთვის ვიძახდი. მე და ჩემი რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სუსში და აგვეფეთქებინა თავები, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ არ დაშავებულიყო რომელიმე რიგითი. მაგრამ მე დღეს ვხედავ, მე ეს არ დამჭირდება თქვენი ადამიანობით და თქვენი ვაჟკაცობით. ღმერთმა გაგამრავლოთ ქართველი ერი“,  რომელსაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, ლეილა აჭიშვილის სიტყვა მოსდევდა, რომლის ადრესატი არა მარტო პარლამენტის წინ ათასობით შეკრებილი ადამიანი, არამედ ხელისუფლება და მთელი ქართული საზოგადოება იყო. ეს მიმართვაც ისტორიულია მრავალი მიზეზის გამო. დავიწყოთ იქიდან, რომ ლეილა აჭიშვილი ქისტი ქალის პერსპექტივიდან საუბრობს, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, ქისტი დედების სათქმელის გამხმოვანებელია. საყურადღებოა მისი მიმართვის ფორმაც, რომელიც ქისტ ხალხს არა როგორც ქართველებისგან განყენებულ ეთნიკურ ჯგუფს, არამედ როგორც ქართვული საზოგადოების ნაწილად მოიაზრებს:

„(…) მე რომ აქ მოვდიოდი, ქისტმა დედებმა დამაბარეს: „ძალიან გთხოვთ უთხარით, რომ ნუ შეგვრაცხავენ ტერორისტებად. ჩვენ არ ვართ ტერორისტები.“ ჩვენ ვზრდით საქართველოსთვის ვაჟკაცებს, რომლებიც შეიწირებიან და უკანასკნელ წვეთ (სისხლს) დაღვრიან საქართველოსთვის. დაგლოცავთ.“

ნატა მაჩალიკაშვილის მიმართვაც საინტერესო და საგულისხმოა. ის მწუხარებით, სიმამაცით და თავდაჯერებულობით სავსე ახალგაზრდა პანკისელი გოგოს სიტყვაა, რომელიც ისტორიულია იმ გაგებით, რომ ამით პირველად საქართველოს ისტორიაში მუსლიმი თემის წარმომადგენელს საშუალება მიეცა ქრისტიანულ-მართმადიდებლური ნარატივით განპირობებულ საჯარო სივრცეში, საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში, „ვფიცავ ალაჰს“ ეთქვა და ამით გაერღვია ის შრე, რომელშიც ქართველი აპრიორი როგორც მართმადიდებელი ქრისტიანი მოიაზრება:

„(…) მე ვარ ის გოგო, რომელსაც გვერდით ოთახში ძმა მოუკლეს, მძინარე, მაგრამ მე დღეს რომ მოვედი და რომ დაგინახეთ, ამდენი ხალხი გვერდში გვიდგახართ ჩვენ, თემირლანსაც და დათოსაც, გული სიხარულით ამევსო. (…) გთხოვთ ბოლომდე დაგვიდგეთ გვერდში. (…) ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია. მე თუ დავკარგე ერთი ძმა, ჩემს უკან კიდევ უამრავი ძმა მიდგას და ვფიცავ ალაჰს, რომ ჩემი ძმები არ აპატიებენ (მათ) ჩემი თემირლანის სიკვდილს.“

ამ ბოლო პერიოდში მალხაზ მაჩალიკაშვილის უამრავი საჯარო თუ სატელევიზიო გამოსვლის მომსწრენი გავხდით. მისი გამოსვლები ყოველთვის გამოირჩეოდა საოცარი სიდინჯით, სიბრძნით და გამბედაობით:

მე ჩემი და ჩემი შვილის სიკვდილის კი არ მეშინოდა არასდროს, არ მეშინია იმიტომ, რომ ხალხი იხოცება, მუდმივი არავინაა. ჩემი შვილის ასეთი სისასტიკით მოკვლა, მძინარე ბავშვის დახვრეტა არ იკმარეს, ტერორიზმში დაადანაშაულეს. ეს უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე მისი სიკვდილი, მისი ტერორიზმში დადანაშაულება.“

ივნისის თვე მუსლიმი ხალხის მარხვის თვე, რამადანის თვეა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეებში მიმდინარე აქციებმა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, ახალ სიბრტყეზე გადაიტანა ქართველი ქისტების ქართულ საჯარო სივრცეში ჩართულობის საკითხი. პანკისელი ქისტები ამ დღეების განმავლობაში ქართული საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად მოგვევლინენ. მათი ხმა ისმოდა, მათი გასაჭირის არტიკულირება არა უშუალოდ პანკისის ხეობიდან, არამედ ცენტრიდან, თბილისიდან, მოვლენების ეპიცენტრიდან ხდებოდა. საგულისხმოა, რომ მუსლიმი ქართველების აქტიური სამოქალაქო პოზიცია აუცილებლად დადებითად აისახება ქართული საზოგადოების მრავალკულტურული და მრავალრელიგიოური ფუნდამენტის სათანადოდ წარმოჩენასა და განმტკიცებაზე.   


ავტორის შესახებ:

ირინე ბერიძე ამჟამად ცხოვრობს ბერლინში. [გერმანია]  ის არის გერმანულენოვანი ლიტერატურმცოდნეობის და აღმოსავლეთ ევროპული კულტუროლოგიის მიმართულების მაგისტრი. ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე, სადაც იკვლევს თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურას პოსტკოლონიალური/მიგრაციის და ტრანსნაციონალური/ტრანსკულტურული თეორიების გამოყენებით.


ნეტგაზეთის კომენტარების სექციაში გამოქვეყნებულ მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის ხედვას/პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი