ახალი ამბები

სახალხო დამცველმა GPB-ის მეურვეობის კანდიდატები შეარჩია

25 დეკემბერი, 2013 • • 1107
სახალხო დამცველმა GPB-ის მეურვეობის კანდიდატები შეარჩია

უჩა ნანუშავილის რჩეულები ლელა გაფრინდაშვილი და მარინა მუსხელიშვილი აღმოჩნდნენ. საკონკურსო კომისიის 9-წევრიანი შემადგენლობიდან, 8 ქულა მიიღო ლელა გაფრინდაშვილმა, ხოლო მუსხელიშვილმა – 5 ქულა.

 

ლელა გაფრინდაშვილმა 1989 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი. 2008 წლიდან კი არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2004 წლიდან არის ორგანიზაციის “ქალთა ფონდი საქართველოში” მრჩეველთა საბჭოს წევრი, ხოლო 2011 წლიდან – განაცხადების შეფასების კომისიის წევრი საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოში (IREX). გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია.

 

მარინა მუსხელიშვილი მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში “საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი” დირექტორის პოზიციაზე. 1982 წლიდან მუშაობდა თსუ-ში სხვადასხვა პოზიციაზე, 2009-10 წლებში იყო ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარი. არის რამდენიმე ათეული შრომის ავტორი.


საკუთარი კანდიდატურა უკვე წარადგინა აჭარის უმაღლესმა საბჭომაც – მათი რჩეული გენო გელაძე აღმოჩნდა. მან საკონკურსო კომისიისგან შეფასების სახით 9 ქულა მიიღო.


3-3 კანდიდატი უნდა წარადგინონ საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ, თუმცა მათი რჩეულების ვინაობა ჯერ უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი