წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, თამბაქო და ის საქონელი, რომელიც გამოიყენება სიგარეტის წარმოებისთვის, არ დაიბეგრება 12%-იანი იმპორტის გადასახადით იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 500 გრამისა.
“საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, თამბაქოს ნედლეული 2015 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან, ხოლო თამბაქოს ნაწარმი იბეგრება 12%-იანი განაკვეთით. კოდექსით, სასაქონლო ჯგუფი “თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცველები” იმპორტის დაბეგვრისთვის მიჩნეულია როგორც თამბაქოს ნაწარმი. ამ ჯგუფში გაერთიანებულია ე.წ. ღეროგამოუცლელი დაჭრილი თამბაქო, რომელიც ადგილობრივ წარმოებაში გამოიყენება, როგორც ნედლეული. შედეგად, რეალურად ადგილობრივი წარმოების მიერ მოხმარებული ნედლეული ექცევა 12%-იან დაბეგვრის რეჟიმში.
კოდექსის 188-ე მუხლის თანახმად, ზემოხსენებული საქონელი აქციზით იბეგრება იმ შემთხვევაში, თუ დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 500 გრამისა. ამგვარად, კანონმდებლობით, ერთსა და იმავე საქონლის მიმართ დადგინდა განსხვავებული მიდგომა. ხოლო კანონპროექტის მიღების მიზეზი სწორედ აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებაა,”- აღნიშნულია კანონპრეოქტის განმარტებით ბარათში.