შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალის www.worknet.gov.ge-ს პრეზენტაცია გამართა.
აღნიშნული ინტერნეტ–პორტალი, რომელსაც ჯანდაცვის სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო მართავს, საქართველს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა და მისი ინიციატორების განმარტებით, შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებას, უმუშევრობის დონის შემცირებას, შრომის ბაზრის მოთხოვნების გამოვლენას, სამუშაო ძალის სტრუქტურისა და უნარჩვევების გაანალიზებასა და მოძიებას, ასევე, შრომის ბაზარზე მიმდინარე ძირითადი ტენდენციების გამოვლენას ემსახურება.
ვებგვერდის სარეკლამო ბროშურის მიხედვით, რომელიც პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს და მიწვეულ სტუმრებს დაურიგდათ, პორტალზე დარეგისტრირება შეუძლია დასაქმების მსურველ პირებს, დამსაქმებლებს, რომლებიც მათთვის საჭირო კადრებს ეძებენ და არსებული ვაკანსიების ტირაჟირება სურთ, განათლების პროვაიდერებს, რომელთაც საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამის მოქალაქეებისათვის შეთავაზება სურთ, ასევე რეკრუიტერებს, რომელთაც საკუთარი მომსახურებების გავრცელების საშუალება ექნებათ.
“პორტალი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს განათავსონ ინფორმაცია საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების შესახებ, ასევე მოიძიონ ვაკანსია, ან დამსაქმებელმა თავად იპოვოს სამუშაოს მაძიებელი. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროფესიული მომზადება–გადამზადების პროგრამებში”, – აცხადებენ პროექტის ინიციატორები.
რატომ არ გამოიყენა ჯანდაცვის სამინისტრომ წინა ხელისუფლების პირობებში მოქმედი დასაქმების სამინისტროს მიერ კარდაკარის მეშვეობით შეგროვებული მონაცემები ქვეყანაში არსებული სამუშაოს მაძიებელთა შესახებ აღნიშნულ პროექტში? – ამ კითხვით “ნეტგაზეთმა” დავით სერგეენკოს მიმართა:
“იმ მონაცემების გამოყენებაზე, რა თქმა უნდა, ვიფიქრეთ. ეს იყო დიდი მოცულობის სამუშაო ჩატარებული, თუმცა ასეთი ტიპის მონაცემები ძალიან ხშირად იცვლება და შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის შემდეგ ვალიდური აღარ არის. ერთი მიზეზი რატომაც არ გამოვიყენეთ, სწორედ ეს იყო: ხანდაზმულობა და მეორე: ის დიზაინი, რომლის მიხედვითაც ხდებოდა მონაცემების აგროვება წინა პროექტში, სრულად არ შეესაბემება იმ მიზნებს, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ახლა. შესაბამისად, ამ 2 მიზეზის გამო არ გამოვიყენეთ ძველი მონაცემები”, – აცხადებს მინისტრი და დასძენს:
“ეს პროექტი, რომელსაც დღეს ჩვენ წარმოვადგენთ, არის შრომის ბაზრის შესწავლა. არა მხოლოდ სამუშაოს მაძიებლების აღწერა და მონაცემთა ბაზის შექმნა, რაც მნიშვნელოვანია, არამედ შრომის ბაზრის შესწავლა: [მოთხოვნის] მიწოდება – მოხმარების მხრივ და იმის იქით სტრატეგიული დაგეგმვა, თუ რა პროფესიები არის მოთხოვნადი, როგორ შეიძლება, რომ სამუშაოს მაძიებელი გადაემზადოს შესაბამისი კურსებით. ანუ ეს არ არის თავისთავად დასაქმება, არამედ ეს არის შრომის ბაზრის შესწავლა, რომლის მონაცემებიც მნიშვნელოვნად გამოადგება მოსახლეობას იმისათვის, რომ მოძებნონ მათთვის წარმატებული სამსახური”.
სამუშაოს მაძიებლებს პორტალზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის დეკემბრის თვიდან უკვე შეუძლიათ, თუმცა ვაკანსიები 2014 წლის აპრილიდან გამოქვეყნდება. როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე აღინიშნა, შესაბამის დამსაქმებლებთან საინფორმაციო შეხვედრები უკვე მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, პროექტით სარგებლობას სახელმწიფო უწყებებიც აპირებენ:
“იმ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, ვინც დაინტერესებულები არიან კადრების აყვანით, მიეცემა მეტი შესაძლებლობა, რომ შესაბამისი კადრები აარჩიონ. ის სამუშაოები, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს, ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს, წლის განმავლობაში ეს არის 20 ათას ადამიანზე მეტი. მნიშვნელოვანია ის, რომ დასასაქმებელ ადამიანებში ჩვენ უფრო მეტად კვალიფიციური კადრები შევარჩიოთ, ამის საშუალებას კი ეს პორტალი მოგვცემს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას. ვნახოთ შედეგები, რომელიც მე მგონი, რომ მნიშვნელოვანი იქნება და პერიოდულად უფრო დავინახავთ ამ პროექტის მნიშვნელობას”, – ამბობს დავით ნარმანია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
რით განსხვავდება მთავრობის მიერ შექმნილი პორტალი სხვა ინტერნეტ–რესურსებისაგან, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის შუამავლის როლს არულებენ? – ამ კითხვაზე პასუხი ზემოხსენებულ სარეკლამო ბროშურაში შემდეგნაირადა გაცემული:
“მსგავს პორტალებთან შედარებით www.worknet.gov.ge მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა დასახლებულ პუნქტს, მომხმარებელი თავად მართავს პორტალის ქცევას სურვილიდან გამომდინარე, მკაცრადაა დაცული პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, შრომის ბაზარზე არსებულ სუბიექტებს აერთიანებს ერთ სივრცეში, მომხმარებლებს შორის ურთიერთობა თავისუფალია მესამე პირის ჩარევისაგან. წარმოადგენს რეალურ დროში არსებული სტატისტიკური მონაცემების გენერატორს. პორტალი თვითსწავლადი სისტემა აგროვებს, ინახავს და ამუშავებს ცოდნას”.