ახალი ამბები

საქსტატი: 2023-ის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა

18 აგვისტო, 2023 • 2036
საქსტატი: 2023-ის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.

კერძოდ, საქსტატის განცხადებით, 2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 48.7 ათასი კაცით (5.6%) და 916.7 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.0 ათასით გაიზარდა (2.2%) და 410.2 ათასი შეადგინა. ორგანიზაციის თქმით, ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.6 ათასით (5.2%) და 266.9 ათასი შეადგინა.

ამასთან, საქსტატი აღნიშნავს, რომ 2023 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.2 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.3 პროცენტი შეადგინა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 2.0 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 44.9 პროცენტს და 43.4 პროცენტს შეადგენს.

გარდა ამისა, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის განცხადებით, 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია საქალაქო ტიპის დასახლებებში 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. კერძოდ, მათი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.0 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 14.5 პროცენტს და 18.5 პროცენტს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2023 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.9 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, საქსტატის განცხადებით, 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად, 2.1 და 2.0 პროცენტული პუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი