სააპაელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა კობა ხარშილაძის დაკავების თაობაზე იმ მოტივით, რომ მას ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის საშუალებით სტამბულის მიმართულებით ჰქონდა დაჯავშნილი ბილეთი.
ძველი თბილისის გამგებლის ყოფილი მოადგილის, კობა ხარშილაძის თქმით, იგი საქართველოს დატოვებას 28 დეკემბერს არ აპირებდა.
“ბრალდების მხარემ თქვა, რომ თურმე მე ვაპირებდი აზერბაიჯანში გაქცევას, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე მე ვაპირებდი თურქეთში გაქცევას. ეს არის სრულიად აბსურდი, თითიდან გამოწოვილი სიცრუე. ეს, ცხადია, უკავშირდება გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმის დეტალებს. ამას მოწმობს ის გარემოებაც, რომ საეჭვოდ დაემთხვა ამ დღეებში ბატონი ვანო მერაბიშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლა”, – განუცხადა პირველ არხს კობა ხარშილაძემ.
ხარშილაძის დამცველმა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება ზურაბ ჟვანიას საქმეს დაუკავშირა.
“უკვე გასაგებია რისთვისაცაა დაპატიმრებული. ახლა უფრო მიღრმავდება ის ეჭვი, რაც იყო, რომ კობა ხარშილაძე რისთვის უნდა ჩაესვათ ციხეში,”- განუცხადა ჟურნალისტებს გოგიტა გაბაიძემ
ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე სასამართლოს დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ხარშილაძე აქამდე 400 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.
კობა ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსობის შემდეგ ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა. ამა წლის 16 დეკემბერს დააკავა ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, რომელიც 2007 წლის საქმეს ეხება.