ახალი ამბები

ვაკის პარკში ალტერნატიულ აქციაზე სიტყვით დეკანოზი დავით ისაკაძე გამოვიდა

3 ივნისი, 2018 • 4189
ვაკის პარკში ალტერნატიულ აქციაზე სიტყვით დეკანოზი დავით ისაკაძე გამოვიდა

ვაკის პარკში მიმდინარე ალტერნატიულ აქციაზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები მივიდნენ.

შეკრებილებს სიტყვით მღვდელმა დავით ისაკაძემ მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო სამი დღის მანძილზე პარლამენტთან მიმდინარე პროტესტმა “პოლიტიკური აქციის ნიშნები” შეიძინა:

“შეკრებილი ხალხის გარკვეული ნაწილი სულ სხვა მიზანს ისახავდა. თანაგრძნობის ნაცვლად იქ იყო პოლიტიკური აქციის ნიშნები. შედეგში გაისმა მოწოდებები ხელისუფლების დამხობის შესახებ. და ვინ ატარებდა ამ აქციებს? ადამიანები, რომლებიც ქართველ ხალხს სასაკლაოს უწყობდნენ. ადამიანები, რომლებმაც არაერთ მკვლელობაში გაისვარეს ხელი, გასულ დღეებში მოგვევლინენ სამართლიანობის აღმდგენებად. ეს იყო დიდი სირცხვილი.

დღეს აქ ვხედავ ნამდვილ თანაგრძნობას. მოგისმინონ თქვენ, ქართველებს, ახალგაზრდებს, მოზრდილებს – ადამიანებს, რომელთაც ნამდვილად გული გტკივათ; ნამდვილად გული შეგტკივათ გარდაცვლილ ახალგაზრდა ბიჭებზე, გული შეგტკივათ საქართველოზე. ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი, სასულიერო პირი იქნება ეს თუ ის ადამიანი, რომელიც ეკლესიის წევრია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ არანაირი გადატრიალება და რევოლუცია, რადგან დავიღალეთ, დაიღალა საქართველო. ვიღაცის პოლიტიკური ამბიციების გამო საქართველო არ უნდა დაიღუპოს; იმ ბოგანო ადამიანების გამო, რომელთაც მხოლოდ სიმდიდრე და ამბიციები აინტერესებთ”.

გასულ დღეებში მმკ აცხადებდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამო წუხს, თუმცა აქციას “ნუ მოკლავ!” არ შეუერთდებოდა. ისინი პირველ ივნისს საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ და მოსახლეობას მოუწოდებდნენ, არ შეერთებოდნენ პარლამენტთან მიმდინარე აქციას.

გუშინ რუსთავი 2-მა გაავრცელა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო ჩვენების ჩანაწერი. ბრალდებულმა სასამართლოს უთხრა, რომ ზაზა სარალიძის შვილს ვერცხლისფერ საგანს ფარდულში სასულიერო პირის შვილი ურტყამდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი