ახალი ამბები

რა მოხდა ზვიად კუპრავასა და ზაზა სარალიძეს შორის

3 ივნისი, 2018 • 6740
რა მოხდა ზვიად კუპრავასა და ზაზა სარალიძეს შორის

“მე და ზაზა [სარალიძე] ვიყავით მეგობრები, ვართ მეგობრები და დავრჩებით [მეგობრებად], მაგრამ ჩვენ არ ვართ თანამებრძოლები”, – ეს განცხადება ზვიად კუპრავამ გააკეთა დღეს ღამით რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

მანამდე კუპრავამ დახმარებისათვის პარტიებს მიმართა გაერთიანებისაკენ. სწორედ ამ განცხადების შემდეგ ჰკითხეს ჟურნალისტებმა კუპრავას, ეთანხმებოდა თუ არა მის ამ პოზიციას პარტიების პროცესში ჩართვის თაობაზე ზაზა სარალიძე.

ამის შემდეგ კუპრავამ თქვა, რომ ის ედპ-ს ოფისში მიდის და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს იქ მისვლისაკენ კონსულტაციებისათვის. ზვიად კუპრავა აქციაზეც გამოვიდა სიტყვით.

“ხვალ, 18:00 საათზე მთელ საქართველოს ველოდები რუსთაველზე. ყველა პარტიას უკლებლივ ველოდები 18:00 საათზე. პარტიებო, მოიხმეთ თქვენი ხალხი, დაუძახეთ თქვენს ხალხს. ნაციონალურო მოძრაობავ, ყველა პარტიავ, მოიყვანეთ აქ თქვენი ხალხი დროულად, დააყენეთ, თუ გინდათ ცვლილებები დროულად. თორემ თქვენც გაქრებით და ყველა გაქრება. ოხერია ეს … ბიძინა”, – განაცხადა კუპრავამ აქციაზე.

ამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვიდან გამოვიდა ზაზა სარალიძე, რომელმაც ასევე თქვა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

“მხოლოდ ერთადერთ განაცხადს გავაკეთებ. დღეს ნათლად დავინახე, რომ მთავრობა მოდის ზეწოლაზე დ უკვე ყველანაირ ღონეს ხმარობს. კარგად დაინახეთ, როგორ ცდილობს, არ ვიცი, ეს ვინაა, სუს-ის წარმომადგენელია თუ სხვა, მაგრამ როგორ ცდილობს პროვოკაცია შემოიტანოს მშვიდობიან აქციაში. მივიღე გადაწყვეტილება: დღემდე ვცდილობდი, რომ მხოლოდ საზოგადოებისთვის მომეხმო. ახლა უკვე მოვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანოს თავისი ძალები, რათა ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშალოს. მე მათ ვერ მივცემ უფლებას, რომ აქ სიმართლემ ვერ გაიმარჯვოს. სიმართლემ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს”, – განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბარში არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მასსა და ზვიად კუპრავას შორის დაპირისპირება მოხდა. მისი თქმით, არაფერი მომხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი