ახალი ამბები

შოთაძე უნდა გადადგეს – “ოცნების” დეპუტატი ლევან კობერიძე

31 მაისი, 2018 • 3123
შოთაძე უნდა გადადგეს – “ოცნების” დეპუტატი ლევან კობერიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების გამო. ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ფეისბუკზე წერს.

“შოთაძე უნდა გადადგეს ამ რეზონანსული საქმის არასათანადო, უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციური გამოძიების გამო…. რაღად მინდა უცხოელი ექსპერტები, პროკურორ-გამომძიებელმა იქნებ ახსნას, დევივით ბავშვს ერთმა ბავშვმა როგორ მიაყენა დანით ამდენი ჭრილობა…  მას სჯერა, რომ ერთი ან თუნდაც ორი მონაწილე იყო ამ ამბავში?!”, – წერს კობერიძე.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. სარალიძის მშობლები და მხარდამჭერები უკვე რამდენიმე საათია მთავარ პროკურატურასტან იმყოფებიან. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ გადადგება, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი