ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტრო წიწვოვან ნარგავებზე კონტროლს ამკაცრებს

19 დეკემბერი, 2013 • • 3232
გარემოს დაცვის სამინისტრო წიწვოვან ნარგავებზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საზოგადოებას შეახსენებს კანონით დაწესებული სანქციების შესახებ, რაც დაკავშირებულია  ბუნებრივი წიწვოვანი  სახეობების ახალგაზრდა ნარგავების მოჭრასა და საახალწლო ნაძვის ხეებად გამოყენების მიზნით მათ რეალიზაციასთან :

 

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და  ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.    თუკი ქმედება ხორციელდება დაცული ტერიტორიის ფარგლებში, ჯარიმის ოდენობა იზრდება 400-დან 500 ლარამდე, ხოლო იგივე ქმედება, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600ლარამდე.

 

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო (კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების  გარეშე)  ტრანსპორტირება აგრეთვე დასჯადია და გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, შესაძლოა, აგრეთვე სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. დასჯადია აგრეთვე ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევა და ითვალისწინებს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით.

 

გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის აღნიშნული ზომებისა,  ხდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებაც. თუკი გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.


აქვე გაცნობებთ, რომ წიწვოვნების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში- ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო  მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი წიწვოვანი ნარგავების მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით;  ერთი მხრივ,  დაიცვან  გარემო, მეორე მხრივ,  თავიდან  აიცილონ ის უსიამოვნო შედეგები, რაც მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას შეიძლება მოჰყვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი