ახალი ამბები

ოპოზიცია სირიის საკითხზე ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს

29 მაისი, 2018 • 1679
ოპოზიცია სირიის საკითხზე ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სირიის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს საკანონმდებლო ორგანოში დახურულ შეხვედრაზე იბარებენ.

“ყველაზე რთულ დროს, როდესაც სირია მართლაც ომში იყო გახვეული და ასადის გადარჩენის საკითხი ეკიდა პირდაპირ მოსკოვზე, მაშინაც კი არ უღიარებია მას აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ამიტომ კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. ახლა პასუხები უნდა მივიღოთ მთავრობისგან, რა ნაბიჯები იდგმებოდა და რის გადადგმას აპირებს. ამიტომ ვაპირებთ, დავიბაროთ საგარეო საქმეთა მინისტრი,” – განუცხადა “რუსთავი 2”-ს სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია ის, რომ მყისიერად გაწყვიტა საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა სირიასთან. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ახლა ძალიან სწრაფადვეა აუცილებელი დიპლომატიური ურთიერთოების გააქტიურება ახლო აღმოსავლეთში იმიტომ, რომ სირია მაინც გავლენიანი ქვეყანაა აზიაში:

“მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას რაიმე გაგრძელება არ მოჰყვეს.”

სირიამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა

სირიის არაბული რესპუბლიკის ცნობით, ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას იწყებს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება: სირიის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აგრესიის დროს მათი მხარდაჭერის გამო, სირიის არაბული რესპუბლიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან შეთანხმდა ურთიერთაღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე საელჩოების დონეზე.

სირიის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე განცახდებები უკვე გამოაქვეყნეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების საგარეო უწყებებმა.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

თბილისის პასუხი ასადს

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს და შესაბამისი პროცედურები დაიწყო. ამის შესახებ დღეს გამართლ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე დავით დონდუამ განაცხადა.

დონდუას განცხადებით, სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით აღიარა.

“აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას”, – თქვა დონდუამ.

მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ სირიაში ასადის რეჟიმი, რომელმაც დღეს ფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი “აღიარა”, რუსეთის მიერ არის მანიპულირებული.

მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს.

რა ხდება სირიაში

რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო tass-თან საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, სულ მცირე, ერთი ქვეყანა აღიარებს, თუმცა მაშინ არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანაზე იყო საუბარი. მისივე თქმით, როგორც კი მსგავსი ინფორმაცია საქართველოში აღწევს, მაშინვე იწყება ამ ქვეყნებზე ზეწოლა, მათ შორის აშშ-ის მხრიდან.

“ამიტომაც ჩვენ ცოტა სხვა გზა ვარჩიეთ ჩვენი ურთიერთობებისთვის – ფაქტებით ვიმუშავებთ”,- აცხადებდა რუსულ მედიასთან ბიბილოვი.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მოსკოვი არაერთგზის დაადანაშაულეს სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში სდებდა ბრალს. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას სწორედ რუსეთის ჩარევით არაერთხელ შეიცვალა ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ.

მოსკოვი სირიაში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე ოპერირებს. მათ შორისაა რუსეთის საჰაერო ბაზა საპორტო ქალაქ ლატაკიაში და სამხედრო საზღვაო ობიექტი ქალაქ ტარტუსში.

მასალების გადაბეჭდვის წესი