ახალი ამბები

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

29 მაისი, 2018 • 9337
საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს და შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო. ამის შესახებ დღეს გამართლ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე დავით დონდუამ განაცხადა.

დონდუას განცხადებით, სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით აღიარა.

“აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას”, – თქვა დონდუამ.

ამავე თემაზე

ასადის რეჟიმი რუსეთის მიერ არის მანიპულირებული – ჯანელიძე

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ოფიციალური თბილისი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მიერ მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშული ქმედებების საპასუხოდ.


სირიის არაბული რესპუბლიკის ცნობით, ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას იწყებს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება: სირიის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აგრესიის დროს მათი მხარდაჭერის გამო, სირიის არაბული რესპუბლიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან შეთანხმდა ურთიერთაღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე საელჩოების დონეზე.

სირიის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე განცახდებები უკვე გამოაქვეყნეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების საგარეო უწყებებმა.

ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო tass-თან საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, სულ მცირე, ერთი ქვეყანა აღიარებს. თუმც, მაშინ არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანაზე იყო საუბარი. მისივე თქმით, როგორც კი მსგავსი ინფორმაცია საქართველოში აღწევს, მაშინვე იწყება ამ ქვეყნებზე ზეწოლა, მათ შორის აშში-ს მხრიდან.

“ამიტომაც ჩვენ ცოტა სხვა გზა ვარჩიეთ ჩვენი ურთიერთობებისთვის – ფაქტებით ვიმუშავებთ”,- აცხადებდა რუსულ მედიასთან ბიბილოვი.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მოსკოვი არაერთგზის დაადანაშაულეს სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში სდებდა ბრალს. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება სწორედ რუსეთის ჩარევით არაერთხელ შეიცვალა ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ.

მოსკოვი სირიაში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე ოპერირებს. მათ შორისაა რუსეთის საჰაერო ბაზა საპორტო ქალაქ ლატაკიაში და სამხედრო საზღვაო ობიექტი ქალაქ ტარტუსში.

მასალების გადაბეჭდვის წესი