საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ სირიაში ასადის რეჟიმი, რომელმაც დღეს ფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი “აღიარა”, რუსეთის მიერ არის მანიპულირებული. ამის შესახებ ჯანელიძე ტვიტერზე წერს.
მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს.
საქართველო საპასუხოდ წყვეტს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება: სირიის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აგრესიის დროს მათი მხარდაჭერის გამო, სირიის არაბული რესპუბლიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან შეთანხმდა ურთიერთაღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე საელჩოების დონეზე.
სირიის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე განცახდებები უკვე გამოაქვეყნეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების საგარეო უწყებებმა.
ამ დრომდე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.
რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო tass-თან საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, სულ მცირე, ერთი ქვეყანა აღიარებს, თუმცა მაშინ არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანაზე იყო საუბარი. მისივე თქმით, როგორც კი მსგავსი ინფორმაცია საქართველოში აღწევს, მაშინვე იწყება ამ ქვეყნებზე ზეწოლა, მათ შორის აშშ-ის მხრიდან.
“ამიტომაც ჩვენ ცოტა სხვა გზა ვარჩიეთ ჩვენი ურთიერთობებისთვის – ფაქტებით ვიმუშავებთ”,- აცხადებდა რუსულ მედიასთან ბიბილოვი.
რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მოსკოვი არაერთგზის დაადანაშაულეს სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში სდებდა ბრალს. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას სწორედ რუსეთის ჩარევით არაერთხელ შეიცვალა ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ.
მოსკოვი სირიაში რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე ოპერირებს. მათ შორისაა რუსეთის საჰაერო ბაზა საპორტო ქალაქ ლატაკიაში და სამხედრო საზღვაო ობიექტი ქალაქ ტარტუსში.