ვაკის პარკში სასტუმროს მშენებელმა კომპანიებმა სააპელაციოში დავა მოიგეს

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მერიას ხელახლა დაავალა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2018 წლის 28 მაისს მიიღო. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არასმთავრობო ორგანიზაცია “მწვaნე ალტერნატივამ” და კომპანიებმა, “გრაალი” და “ტიფლის კოტავა” მიმართეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” მოითხოვდა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა ზონალურ შეთანხმებაზე, რომლითაც გაიზარდა სამშენებლო კოეფიციენტები.

კომპანიები “გრაალი” და “ტიფლის კოსტავა” კი მოითხოვდნენ, რომ სააპელაციო სასამართლოს დაშვებულად ეცნო მერიის მიღებული გადაწყვეტილებები. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კომპანიების მოთხოვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, “მწვანე ალტერნატივის” სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაავალა თბილისის მერიას, რომ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით ნაკვეთის ზონალურ შეთანხმებაზე ნებართვა ხელახლა განეხილა.

2013 წლის 24 ივლისის განკარგულებით თბილისის მერმა დაამტკიცა ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური შეთანხმება, რომლითაც გაიზარდა ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები. 2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით  თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირის 68 ნომერში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

“მწვანე ალტერნატივის” ხელმძთღვანელმა, ნინო გუჯარაიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ  უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ სააპელაციოს გადაწყვეტილებას. ნინო გუჯარაიძის თქმით, მერიის გაცემულ ნებართვას მშენებლობაზე ვადა ამოეწურა, თუმცა ახალი ნებართვა მერიას ჯერ არ განუხილავს.

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აქტივისტები აპროტესტებდნენ. “პარტიზანული მებაღეობის წევრები პერმანენტულ აქციებსაც მართავდნენ, აქ გაშლილი ჰქონდათ კარვები და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი, რათა ინვესტორს მშენებლობა არ გაეგრძელებინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com