შეხვედრაზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლებმა დეპუტატებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის პრაქტიკის კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარუდგინეს.

გუგული მაღრაძე ამბობს, რომ აღნიშნული კვლევა პარლამენტს ნაბიჯების სწორად დაგეგმვაში დაეხმარება:
“ჩვენ ზოგიერთ ქვეყანას ვიცნობთ, ზოგს არ ვიცნობთ. აქ შედარებითი ანალიზია. ეს ჩვენ დიდ შესაძლებლობას მოგვცემს, სწორად დავგეგმოთ კონვენციის მიღების შემდეგ იმპლემენტაციის საკითხები. რაღაცები გაკეთებული გვაქვს, ცარიელი ადგილიდან არ ვიწყებთ. იგივე განათლების სფეროში, ინკლუზიური განათლების სფეროში, პროფესიული განათლების მხრივ ბევრი რამ არის დაგეგმილი. დასაქმებაში რაღაც წინსვლები არის, არსებობს დაწესებულებები და სამსახურები, სადაც უკვე მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. ყველა მხარე მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული და ერთობლივად უნდა განვსაზღვროთ, არა მხოლოდ იმით, არასამთავრობო სექტორს რა აინტერესებს, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სად შეიძლება მათი ენერგია, დრო და რესურსი იყოს გამოყენებული. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა.”
მისივე მოსაზრებით, შშმ პირებს სახელმწიფოს მზრუნველობა განსაკუთრებით სჭირდებათ:
“ეს კონვენცია წლების მანძილზე “ნაციონალური მოძრაობის” დროს უჯრიდან უჯრაში გადადიოდა და პარლამენტამდე ვერ მოვიდა. ჩვენ უკვე ერთი წლის მუშაობის თავზე საკმაოდ ბევრ ვალდებუელბას გვაკსირებს და ვიღებთ ამ ვალდებულებებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ყველა ადამიანის მიმართ უნდა ვიყოთ პირნათლები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან ის კონტიგენტი, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ სახელმწიფოს მზრუნველობა.”
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ პარლამენტში კონვენციის რატიფიცირების საკითხი განიხილება, რის შემდეგაც ქვეყანა იმპლემენტაციის საჭიროების წინაშე დადგება:
“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ალბათ დეპუტატებისთვის იმ გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ მოხდა იმპლემენტაცია სხვა ქვეყნებში, იმისთვის, რომ საუკეთესო პრაქტიკა ძალიან ეფექტურად იქნას გადმოტანილი ჩვენს რეალობაში. დაიგეგმოს თანმიმდევრული, სწორი პოლიტიკა. შეიქმნას კარგი ინსტიტუციური ჩარჩო და სახელმწიფო იყოს თანმიმდევრული და მაქსიმალურად მოტივირებული იმისკენ, რომ ეფექტურად და დროულად მოახდინოს გარანტირება იმ უფლებების, იმ მექანიზმებით, რომლებსაც კონვენცია შეიცავს.”
