ნეტგაზეთი | სომხეთი რევოლუციის შემდეგ სომხეთი რევოლუციის შემდეგ – Netgazeti

სომხეთი რევოლუციის შემდეგ

ახალგაზრდები, მოკავშირეები და ტექნოკრატები: ვინ შევიდა სომხეთის ახალ მთავრობაში

ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად, სომხურად რომ ვთქვათ, სომხეთის “ვარჩაპეტად” 8 მაისს დაინიშნა და მაშინვე შეუდგა მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას. ფაშინიანის კაბინეტის შემადგენლობაზე შეჩერება უფრო ყურადღებით ღირს, რადგანაც ის საკმაოდ ბევრს მიუთითებს იმაზე, თუ ამჟამად როგორ ხედავს ფაშინიანი საკუთარ ამოცანებს.

ფაშინიანის კაბინეტის წევრები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ.

ერთ-ერთი ჯგუფის წევრები არიან უშუალოდ ფაშინიანის თანამებრძოლები პარტიიდან “სამოქალაქო თანხმობა” და მოძრაობიდან “გადადგი ნაბიჯი”. ხალხი, ვინც პრაქტიკულად ფაშიანიანთან ერთად გაიარა გზა, რომელიც დაიწყო 31 მარტის პირველი მიტინგით გიუმრიში  და დამთვრდა 8 მაისს, მისი პრემიერად დანიშვნამდე. ძირითადად ესენი არიან ახალგაზრდები კარგი განათლებით და პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილებით, რომელიც საკუთარ წლებთან შეუსაბამოდ დიდია, მაგრამ მართვის მხრივ- მინიმალური. თუმცა ბევრი სომეხისთვის სამუშაო გამოცდილების ნაკლებობა ხელისუფლების კორუმპირებულ სტუქტურებში უფრო პლუსად მიიჩნევა, ვიდრე მინუსად, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ასეა.

ამ ჯგუფის ყველაზე უფროსი წარმომადგენლები არიან პირველი ვიცეპრემიერი, 38 წლის არარატ მირზოიანი და განათლების მინისტრი არაიკ ჰარუტუნიანი,. ყველაზე ახალგაზრდა კი, დიასპორის მინისტრი მიხტარ ჰაირაპეტიანი, რომელსაც ახლა შეუსრულდა 28 წელი.

მთლიანობაში, ეს არიან ადამიანები, ვისგანაც ახალ მიდგომებსა და მართვის ახალ ხედვებს მოელიან.

ეს დანიშვნები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს ფაშინიანის ახალგაზრდა აქტივისტებში. მაგალითად, ერთ-ერთი ახლად დანიშნული ჩინოვნიკი, 30 წლის ედუარდ აღაჯანიანი არა მხოლოდ პოლიტიკურ აქტივისტად იყო ცნობილი, ასევე – როგორც კარგი დიჯეი და ანდერგრაუნდ ტექნო-კლუბის მენეჯერი.

მინისტრთა მეორე ჯგუფში შედიან ფაშინიანის მოკავშირე პარტიის წარმომადგენლები. მათ შორის, ფრაქციიდან “ელკი”, პარტიებიდან -“განათლებული სომხეთი” და “რესპუბლიკა”, ასევე მინისტრები იმ პარტიებიდან, რომლებმაც ფაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირეს – “დაშნაკცუტიუნი” და “აღორძინებული სომხეთი”.

ყველა ეს პარტია თავიდან გაურბოდა ფაშინიანის ლიდერობით ჩამოყალიბებულ მოძრაობასთან ურთიერთობას, “დაშნაკციუტუნი” კი საერთოდ მმართველი რესპუბლიკური პარტიის უმცროსი პარტნიორი იყო. ამის მიუხედავად, მათ ცალსახად მხარი დაუჭირეს ფაშინიანს ისეთ გადამწყვეტ მომენტში, როგორიც იყო პრემიერის არჩევნები და რესპუბლიკელების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი ჩამოაყალიბეს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ფაშიანიანისა და მისი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი “აღორძინებული სომხეთისა” და “დაშნაკციუტუნის”, გზები შეიძლება გაიყოს.

ბოლო, მინისტრთა მესამე ჯგუფში – ე.წ. ტექნოკრატები არიან, სხვანაირად რომ ვთქვათ, ბიუროკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც რესპუბლიკელების დროს სახელმწიფო სისტემაში მუშაობდნენ, თუმცა რესპუბლიკური პარტიის წევრები არ ყოფილან.

ასეთების შირის სომხეთში ცხარე დისკუსია გამოიწვია ვალერი ოსიპიანის, პოლიციის უფროსის ფიგურამ. “ძველი რეჟიმის” დროს ოსიპიანი ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო და ამ კუთხით ოპოზიციის საპროტესტო აქციების “მუშაობაზე” პასუხს აგებდა. მუშაობის დროს ოსიპიანი უარყოფითი კუთხით გამოირჩეოდა და ოპოზიციის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პოლიციელი იყო. ამიტომაც მის დანიშვნას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მათ შორის, – ფაშინიანის მხარდამჭერებს შორისაც.

თავად ფაშიანიანი ამ დანიშვნას იმით ამართლებდა, რომ ოსიპიანი ერთ-ერთია იმ მცირე არაკორუმპირებულ პოლიციელთა შორის, რომელიც ამავდროულად წინა რეჟიმის რომელიმე “კლანს” არ ეკუთვნის.

ამასთან, ფაშინიანი საკუთარ გადაწყვეტილებას ასაბუთებდა იმ გარემოებით, რომ ოსიპიანის დანიშვნა სომხური საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის შერიგებისა და იმის სიმბოლოა, რომ წარსულის ფურცელი ერთხელ და სამუდამოდ დავიწყებას უნდა მიეცეს. ბევრი ხუმრობდა კიდეც, რომ მიტინგების დროს, როდესაც ფაშინიანს ოსიპიანთან მოლაპარაკებები უწევდა,  სწორედ მაშინ გახდნენ მოკავშირეები.

ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობა

ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობამდე, ნიკოლ ფაშინიანი დაუღალავად იმეორებდა, რომ სომხეთი დაბალანსებულ და მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკას გააგრძელებდა. სწორედ ამ მიდგომას აჩვენებს საგარეო და თავდაცვის მინისტრების დანიშვნაც. ახალი ხელისუფლების შეფასებით, ეს არის ორი “ვეტერანი”, საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და გაეროში სომხეთის წარმომადგენელი, და დავიდ ტონოიანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც საგანგებო სიტუაციების უწყებასაც მართავდა. სხვათა შორის, ორივეს ევრო-ატლანტიკურ სტუქტურებთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცილება აქვს.

მნაცაკანიანი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საკითხზე ძირითადი მომლაპარაკებელი იყო, ტონოიანი კი – NATO-ში სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი. თუმცა, ამასთან, ორივე ასე თუ ისე მისაღები ფიგურები არიან რუსული მხარისთვისაც.

მნაცაკანიანი ბოლო წლებში გაეროში სომხეთის წარმომადგენელი იყო, სადაც სომხური მხარე ხშირად მოსკოვთან შეთანხმებულად აძლევს ხმას. ტონოიანი რუსეთის ფედერაციის სამხედრო-დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებულია. შესაბამისად, ორივე მინისტრი სრულიად შეესაბამება სომხეთის “მულტივექტორულ” საგარეო პოლიტიკას.

რაც არ უნდა იყოს, გასაგებია, რომ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები არა მინისტრების, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის დონეზე ყალიბდება. ამ მხრივ, ახალი ხელისუფლების მომავლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სოჭში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების 14 მაისის სამიტი.

მოახლოებულ სამიტზე ბევრს საუბრობდნენ არა მხოლოდ სომხეთში, არამედ რუსეთში და ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებშიც. სოჭში ვიზიტამდე ფაშინიანმა რუსულ ტელეკომპანია Россия-24 – ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც კიდევ ერთხელ გაიმეორა ყველა ის მესიჯი, რომლის გაგებასაც მისგან მოსკოვში ელოდნენ, ბონუსის სახით კი ისიც დაამატა, რომ “ომის შესახებ” ფილმები უყვარს.

ასევე იქცეოდა ის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროსაც, ყოველ შემთხვევაში, ის რამდენიმე წუთი, რომელიც ფაშინიანმა და პუტინმა ჟურნალისტების თანდასწრებით ერთად გაატარეს.

ნიკოლ ფაშინიანი, ვლადიმერ პუტინი; 2018, სოჭი; ფოტო: რია-ნოვოსტი

სავარაუდოდ, პუტინს საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება უნდოდა იმის შესახებ, თუ ვინ არის სომხეთის ახალი ლიდერი, ფაშინიანისთვის კი მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რომ მიუხედავად საერთაშორისო გამოცდილებისა, “უძლიერეს ლიდერთან” შეხვედრისას არ იბნევა.

ღია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რის შესახებ ისაუბრეს პუტინმა და ფაშინიანმა დახურულ კარს მიღმა, ცოტაა. თუმცა, შემდგომი რეაქციების გათვალისწინებით, იქ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

ყველაზე ემოციური ფაშინიანისა და ლუკანშენკოს შეხვედრა აღმოჩნდა, რაც გარკვეულწილად მოულოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წარსულში სომხეთისა და ბელარუსის ურთიერთობები პრობლემურად აღიქმებოდა მინსკის ბაქოსთან კავშირების გამო.

ლუკაშენკო თანამესაუბრესთან პოზიტივს ასხივებდა, რამაც, სავარაუდოდ, გააკვირვა ფაშინიანი, თუმცა ისიც არანაკლებ აღფრთოვანებული ჩანდა.

მთლიანობაში, ფაშინიანმა, შეიძლება ითქვას, სამიტი კარგად ჩაატარა, არ ჰქონია რაიმე განსაკუთრებული მიღწევა, თუმცა – არც თვალსაჩინო ჩავარდნა ყოფილა.

ფაშინიანის აღნიშნული ვიზიტის ყველაზე თვალსაჩინო ეპიზოდი, თუ ლუკაშენკოსთან შეხვედრას არ ჩავთვლით, ადლერში სომხურ ეკლესიაში მისი ვიზიტი იყო.

ადგილობრივმა სომხებმა ფაშინიანს თბილი შეხვედრა მოუწყვეს და ეკლესიაში მისი სტუმრობა იმპროვიზირებულ მიტინგს დაამსგავსეს. ადლერის ეპიზოდმა აჩვენა, რომ როგორც არ უნდა შეეცადოს ფაშინიანი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა ლიდერებისადმი საკუთარი კეთილგანწყობის ჩვენებას, “რევოლუციური ლიდერის” შარავანდედი მას კიდევ დიდხანს გაჰყვება.

ერთი მხრივ, ეს მისი კაპიტალია, რომელიც შეიძლება საგარეო პოლიტიკურ ძალაუფლებაში მოხდეს კონვერტირება. მეორე მხრივ კი, ფაშინიანის “რევოლუციური წარსული” ნიშნავს იმას, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების სხვა ლიდერები “თავისიანად” არ აღიარებენ.

შიდა პოლიტიკა: როგორ შევაჩეროთ პერმანენტული რევოლუცია

რაც არ უნდა იყოს, ფაშინიანს საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს. უფრო მეტ მღელვარებას შიდაპოლიტიკური სიტუაცია იწვევს. პრემიერის არჩევასთან ერთად დასრულდა რევოლუციის აქტიური ფაზა და დაიწყო ის პერიოდი, რომელიც რევოლუციისთვის შეიძლება უკიდურესად საშიში აღმოჩნდეს – როდესაც ძველი სისტემა უკვე არ მუშაობს, თუმცა ბოლომდე არ მორყეულა, ახალი კი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე ახალ ხელისუფლებაზეა. ყოველივე ამას უნდა დავუმატოთ ის, რომ დიდი მოლოდინი არსებობს, რომელსაც ადამიანები ფაშინიანს უკავშირებენ.

ცხადია, იმ რამდენიმე დღეში, რაც ფაშინიანი ხელისუფლებაში მოვიდა, არარეალური იქნებოდა მნიშვნელოვანი მიღწევების დანახვა. მით უმეტეს, პარლამენტში უმრავლესობა ჯერ რესპუბლიკურ პარტიას აქვს. როგორც ჩანს, რესპუბლიკელები არ აპირებენ ვადამდელ არჩევნებზე დათანხმებას და მზად არიან ახალი ხელისუფლების პროგრამა დაამტკიცონ, ოღონდ პარლამენტის დათხოვნას თავი დააღწიონ.

ფორმალურად ეს ფაშინიანის გამარჯვება იქნება, თუმცა პრაქტიკაში ეს შეიძლება საკანონმდებლო საქმიანობის სფეროზე არასახარბიელოდ აისახოს: რეფორმების საჭიროება საკანონმდებლო ორგანოში მაშინ, როდესაც ფაშინიანს არ აქვს უმრავლესობა. თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ “ძველი რეჟიმის” წარმომადგენლებს ახლაც უკავიათ მნიშვნელოვანი პოსტები ხელისუფლების სხვადასხვა სფეროში – ერევნის მერიით დაწყებული და პროკურატურითა და სასამართლოებით დამთავრებული, აშკარა ხდება, რომ ფაშინიანს საკუთარი პოლიტიკის წარმართვისთვის  ბრძოლა მოუწევს.

რესპუბლიკელების  მხრიდან, “მარჯვნიდან” საფრთხის გარდა, ფაშინიანს საფრთხე ელოდება “მარცხნიდანაც”: მთელ ქვეყანაში პროტესტის ლოკალური აქციები გრძელდება, რომლებიც შეიძლება კონტროლის ჩარჩოებიდან გავიდეს. პროტესტის დღის წესრიგი გამოიყო: სპეციფიკური მოთხოვნებიდან საწარმოებში ან დაწესებულებებში დასაქმებულების პოლიტიკურ მოთხოვნებამდე- როგორიცაა ერევნის მერის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა განსაკუთრებით აღელვებდა ფაშინიანს. ერთი მხრივ, მას არ შეუძლია ამ მოთხოვნის შესრულება კანონის ფარგლებში, მეორე მხრივ კი, საფრთხის წინაშეა, აქტივისტთა ნაწილის მხარდაჭერა დაკარგოს.

განსაკუთრებით მგრძნობიარეა “სასნა ცრერის მებრძოლების” – 2016 წლის ზაფხულში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის მონაწილეების თემა. მათ მიმართ დამოკიდებულება საზოგადოებაში არაერთგვაროვანია – ბევრისთვის ისინი ისეთი “პოლიტპატიმრები” არიან, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ, მეტიც, – რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გმირები, თუმცა, სხვებისთვის – დამნაშავეები, რომლებიც პატიმრობას იმსახურებენ.

ჯერჯერობით ფაშინიანი საკმაოდ ეფექტურად ანეიტრალებს მსგავს საფრთხეებს. 17 მაისს მან მოუწონდა, შეწყვიტონ ყველა საპროტესტო აქცია და ხელისუფლებისადმი მოთხოვნები უფრო დასაბუთებულად წარმოადგინონ.
ერთი დღით ადრე კი პოლიტიპატიმრების საკითხზე გამოვიდა და განმარტა, რომ ისინი კანონიერი გზებით უნდა იყვნენ გათავისუფლებული, სასამართლო სისტემაზე ზეწოლით კი ძალიან საშიში პრეცედენტს ქმნიან.

ფაშინიანის არგუმენტების გამო საპროტესტო აქციები შეჩერდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ ფაშინიანისა და მისი გუნდის მიერ ყველაზე აშკარა მიღწევა საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი ფორმა გახდა. თავად ფაშინიანი, როგორც მინიმუმ, კვირაში ერთხელ მიმართავს საზოგადოებას ფეისბუკზე პირდაპირი ეთერის საშუალებით. ასევე იქცევა მისი ზოგიერთი მინისტრი, ყველა მათგანი აქტიურად ურთიერთობს მედიასთან, პასუხობენ სოციალურ ქსელებში კრიტიკას.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა განათლების ახალი მინისტრის ფოტო, რომელიც პრემიერთან შეხვედრის შემდეგ სახლში მეტროთი ბრუნდება. ფაშინიანი და მინისტრები ქუჩაში დადიან, იძლევიან ინტერვიუებს, მან უკვე ქუჩის ღვინის ფესტივალზე გავლაც მოასწრო, სადაც ყველამ გადაიღო სელფები მინისტრთა ახალ კაბინეტთან.

ხელისუფლება სამსახურეობრივი ავტომობილების შემცირების ინიციატივითაც გამოვიდა.

ყოველივე ეს დიდ შთაბეჭდილებას ახდენს სომხეთის მოქალაქეებზე, რომლებიც მიეჩვივნენ იმას, რომ ათწლეულობით გაუცხოებული იყო ხელისუფლება საზოგადოებასთან და დიალოგზე არ მიდიოდა. თუმცა ადრე თუ გვიან ხელისუფლების ხელმისაწვდომობის გარდა საზოგადოება მათგან ხელშესახებ შედეგებსაც მოითხოვს.

ასე რომ, ფაშინიანს და მისი გუნდს სიფრთხილე მართებს, რადგან მათი ახლანდელი ფენომენალური პოპულარობა ასეთივე დრამატული იმედგაცრუებით შეიძლება დასრულდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიკაელ ზოლიანი არის ერევანში მცხოვრები ისტორიკოსი და პოლიტოლოგი.