მოსახლეობა ქალაქში შექმნილი სიტუაციით, რომელიც ნაწილობრივ დიდთოვლობამ გამოიწვია, უკმაყოფილოა:
“ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, გათბობა არ მაქვს, თოვლი რომ მოვიდა, ფულიც არ მქონდა, რომ ბავშვებისთვის ტანსაცმელი მეყიდა და სკოლაში წამეყვანა. პურს არ ვყიდულობ, სახლში ვაცხობდი და იმის გამო, რომ შუქი არ იყო, პური ვერ გამოვაცხე და სამი დღეა უპუროდ ვართ. არც გაზი არ მაქვს, არაფერი, მთლიანად შუქზე ვიყავი დამოკიდებული”, – ამბობს ნანული ფუტკარაძე, ბათუმის მცხოვრები.
“უშუქობამ შეგვიქმნა ძალიან დიდი პრობლემა. 21–ე საუკუნეში წარმოუდგენელია შუქის და გათბობის გარეშე ცხოვრება. მე პირადად გაზი მაქვს, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებიც შუქზე არიან დამოკიდებული და, შესაბამისად, ეს ოჯახები ვერ თბებოდნენ. მთელი ამ 3 დღის მანძილზე პრობლემები ჰქონდათ სკოლებს, მაგალითად, მე–2 და მე–3 სკოლები, სადაც სწავლა იყო შეწყვეტილი”, – აღნიშნავს ლუარა გორდაძე, რომელიც ბათუმში ცხოვრობს.
სხვა ბათუმელები, რომელთაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ქალაქში შექმნილ იმ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც დათოვლილი და მოყინული გზებისა თუ ტროტუარების გაწმენდას უკავშირდება:
“1990–იანი წლები გაგვახსენდა. ჩვენთვის პირადად პრობლემაა ის, რომ ქუჩები არ იწმინდება და საავარიო სიტუაციები იქმნება. ტროტუარებიც არ იწმინდება, ტრანსპორტი სრიალებს და იმის გამო, რომ გზებზე გვიწევს სიარული, დიდი შანსია, რომ ავარია მოხდეს, ანუ ეს ვითარება მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია”, – აცხადებს ნინო დვალიშვილი.
ბათუმის ვიცე–მერი ზურაბ პატარაია ნეტგაზეთის კითხვის საპასუხოდ (რის გამო ხდება ეს ყველაფერი, აქვს თუ არა ქალაქის ადმინისტრაციას რესურსების ნაკლებობების პრობლემა?) არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქში საავტომობილო ქუჩები და ტროტუარები მასობრივად გაუწმენდავია. მისი თქმით, სტრატეგიული დანიშნულების, ცენტრალური ქუჩები, სადაც გადატვირთული მოძრაობაა, უკვე გაწმენდილია, რაც შეეხება სხვა ქუჩებს, სამუშაოები იქაც ხორციელდება:
“ბათუმში ქუჩები იწმინდება, როგორ არ იწმინდება… მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ძირითადი ქუჩები- ჭავჭავაძე, აღმაშენებელი, რუსთაველი უკვე გაწმენდილია”, – ამბობს იგი.
პატარაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში სწავლა 5 სკოლაში არ მიმდინარეობს, ხოლო 27 ბაგა–ბაღიდან ბავშვები 16–ში არ გამოცხადდნენ. რაც შეეხება საავადმყოფოებს, ვიცე–მერის ცნობით, პრობლემები მხოლოდ ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შეიქმნა, სადაც მისასვლელი გზა იყო პარალიზებული, თუმცა ამ პრობლემის აღმოფხვრაზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.
როგორც ნეტგაზეთს ბათუმიდან აცნობეს, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა გაიზარდა სანთელსა და შეშაზე, ამ პროდუქციის დეფიციტია, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. იგივე პრობლემა შეიქმნა ნავთთან დაკავშირებითაც, რომელსაც მოსახლეობა ვერ ყიდულობს, შესაბამისად, ვერ ახერხებს გათბობის ალტერნატიული საშუალებების გამოყენებას. ამასთან, იმ მაღაზიებსა და აფთიაქებში, სადაც შუქი არ არის, მოსახლეობას პროდუქციის შეძენა უჭირს, რადგან გამყიდველები დაჯარიმების შიშით სალარო აპარატის გარეშე ვაჭრობაზე უარს აცხადებენ.
“მე რაც ვიცი, იყო პატარა შეფარხებები, მაგრამ გუშინ მე თვითონ დამჭირდა საღამოს და გუდვილში სანთელი თავისუფლად ვიყიდე. ხომ იცით, ბიზნესის ამბავი როგორცაა, უცებ წავიდა შუქი, მოთხოვნილება გაიზარდა სანთელზე, მაღაზიებს კი რაღაც პერიოდი დასჭირდათ მომარაგებისთვის და დღეს, მე მგონი, ეს პრობლემა აღარ არის”, – ამბობს ბათუმის ვიცე–მერი.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ელექტროენერგია ქალაქის დაახლოებით 30–40 პროცენტს არ მიეწოდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღუდგება ქალაქს სრულად ელექტროენერგიის მიწოდება.
ბათუმი მესამე დიდი ქალაქია საქართველოში, რომელშიც 60 ათასამდე აბონენტი ცხოვრობს.