ახალი ამბები

ძიუდოისტებმა ქევხიშვილს კარი აუჭედეს და მის გადადგომას ითხოვენ

22 მაისი, 2018 • 1825
ძიუდოისტებმა ქევხიშვილს კარი აუჭედეს და მის გადადგომას ითხოვენ

ძიუდოისტებმა, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, დავით ქევხიშვილის კაბინეტის კარი აჭედეს. მათი თქმით, ქევხიშვილის სამუშაო ადგილზე შეშვებას არ აპირებენ და მის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ. ძიუდოისტებმა ფედერაციის პრეზიდენტის ოთახიდან სიმბოლურად გამოიტანეს სავარძელიც.

როგორც ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების ძიუდოისტმა, გიორგი გველესიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ძიუდოისტები იძულებულნი გახდნენ, აღნიშნული ზომებისათვის მიემართათ, რადგან ახლად შექმნილმა კომისიას მათი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

“იქიდან გამომდინარე, რომ სპეციალურმა კომისიამ ჩვენი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, მივმართეთ უკიდურეს ზომებს და შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავით ქევხიშვილმა ვეღარ მიაღწიოს თავის კუთვნილ სკამს. როგორც ის ამბობს, ეს მისი ფედერაციაა, თუმცა ეს ასე არ არის: ფედერაცია ეკუთვნით სპორტსმენებს. გვინდა დავამტკიცოთ, რომ მართლები ვართ და ამ სიმართლეს გავიტანთ ბოლომდე.

…ჩვენ არ ვეხებით იმას, რაც ჩვენი კომპეტენცია არ არის. არ გვაინტერესებს, რა დარღვევები აქვს უშუალოდ მას. ჩვენ, როგორც სპორტსმენებს, გვაქვს არაერთი პრობლემა”, – აღნიშნა გიორგი გველესიანმა.

ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე დაპირისპირების აღმოსაფხვრელად 2 კვირის წინ ერთობლივი კომისია შეიქმნა. მასში კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ასევე ოლიმპიური კომიტეტი შედიან და  ფედრაციაში არსებულ პრობლემებთან ერთად ქევხიშვილის მიმართ ძიუდოისტების მიერ წაყენებულ ბრალდებებს სწავლობენ.

დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნა ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მაისს გაახმიანეს და პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს. სპორტსმენები ამბობდენ, რომ ნაცვლად იმისა, ივარჯიშონ მშვიდ გარემოში, მუდიმივად სტრესის ქვეშ უწევთ ყოფნა. მათი თქმით, ეს ყველაფერი უკავშირდება დავით ქევხიშვილის ერთპიროვნულ მმართველობასა და ფედერაციაში დაგროვილ პრობლემებს.

მანამდე, ევროპის ჩემპიონატის უმედლოდ დასრულების შემდეგ, იგივე მოითხოვა ვეტერანმა ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმაც. კითხვაზე, ხომ არ არის პროცესები ზვიადაურისგან მართული, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი აღნიშნავდა, რომ ასე არ არის, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ ზვიადაურს თანამდებობის დაკავების ინტერესი არ აქვს და თუ ეს ასე მოხდება, თავად წავა ნაკრებიდან.

საპასუხოდ, ქევხიშვილი “რუსთავი2”-თან საუბრისას აცხადებდა, რომ „უსაფუძვლო ბრალდებების გამო რაღაც ნაბიჯებს უკან ვერ გადადგამს“. ფედერაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მისი მოწინააღმდეგებისგან დღემდე ვერ მოისმინა არგუმენტი, თუ რატომ უნდა გადადგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი