კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ აჭარაში მდინარე ჭოროხსა და აჭარისწყალზე ორ ჰესს – „ხელვაჩაური 1“-სა და „კირნათი ჰესს“ აშენებს. კომპანიის წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ კომპანიაში დასაქმებულთა უმრავლესობა ქართველია.
„ამჟამად „აჭარ ენერჯი 2007“-ში დაახლოებით 30 ადამიანია დასაქმებული. აქედან 18 თანამშრომელი ქართველია, დანარჩენი – თურქი. გვყავს კონტრაქტორი ფირმები, სადაც დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 300-ია. პროცენტულად, დასაქმებულთა დაახლოებით 60-პროცენტი არის ქართველი და 40 პროცენტი თურქი,“ – აცხადებს სოფო ვარშალომიძე, „აჭარ ენერჯი 2007″-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
მისივე ინფორმაციით „აჭარ ენერჯი 2007“-ს ჰყავს სამი ძირითადი კონტრაქტორი, რომელთაც თავის მხრივ ქვეკონტრაქტორები ჰყავთ. თანამშრომელთა შერჩევისას პრიორიტეტი ქართველებს ენიჭებათ, ხოლო მმართველ რგოლში ძირითადად თურქი ეროვნების მოქალაქეები არიან დასაქმებულნი. კომპანიაში ამას ასე ხსნიან
„კონტრაქტორებთან მუდმივად გვაქვს ამაზე საუბარი, რომ უპირატესობა უნდა მიანიჭონ ქართველ მუშებს. ხოლო თუ ისეთი სპეციალისტი სჭირდებათ, რომელიც საქართველოში არ არის, მაშინ ჩამოიყვანონ თურქეთიდან. მოგეხსენებათ, ჰიდროელექტროსადგური სპეციფიკური მშენებლობაა, კომპანია არის თურქული, ამიტომ როდესაც საჭიროება ჩნდება, უპირატესობას ანიჭებს თურქ ინჟინრებს. ქართველი ინჟინრებიც ჰყავთ, თუმცა მაღალ თანამდებობებზე, ძირითადად, თურქი ინჟინრები არიან,“ – ამბობს სოფო ვარშალომიძე.
მეორე კომპანია, რომელიც აჭარაში ჰესებს აშენებს, შპს „აჭარის წყალი ჯორჯიაა“. კომპანია მდინარე აჭარისწყალსა და მის შენაკადებზე ორ – „შუახევიჰესსა“ და „სხალთაჰესს“ აშენებს. სამუშაოებს „აჭარის წყალი ჯორჯიას“ კონტრატორი “AGE ბათუმი“ ახორციელებს, რომელშიც, დღეის მონაცემებით, 273 ადამიანია დასაქმებული. აქედან 80 ქართველია, 193 – თურქი.
„ჩნდება კითხვა, რას აკეთებს 193 თურქი – ეს არის მენეჯმენტი და ეს არის სპეციალური სამუშაოები, სადაც არიან დასაქმებულნი. ეს არის დაწყებითი ფაზა მშენებლობის, საუბარია მხოლოდ დაგეგმვაზე. სპეციალური სამუშაოების გატარებაზე, მაგალითად, გვირაბების დაგეგმვაზე. ამიტომ როცა კითხვა წარმოიშვება რატომ 193 თურქი, მოსამზადებელ სამუშაოებს სწორედ ეს ხალხი აკეთებს. შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია ქართველი მუშახელის უფრო დიდი რაოდნობით დასაქმება,“ – აცხადებს „ბათუმელებთან“ საუბარში „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიწის, გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხ- თა დირექტორი ზვიად დიასამიძე.
მისივე ინფორმაციით ამჟამად შუახევში მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ჰესის მშენებლობა ჯერ დაწყებული არ არის. საუბარია საცხოვრებელი და სამუშაო სახლების, ე.წ. “ბოქსების” აშენებაზე. ქართველებიც სწორედ ამ მშენებლობაზე არიან დასაქმებულნი. ამასთან კომპანიამ 600 ადგილობრივი გადაამზადა შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. ზვიად დიასამიძე ამბობს, რომ დღეს არსებული მონაცემებით, როცა ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყება, კომპანია 300-400 ადგილობრივ მცხოვრებს დაასაქმებს.
„ჩვენ ავიყვანთ არამარტო იმ ხალხს, რომელიც პროექტის არეალში მოქცეულ სოფლებში ცხოვრობს, არამედ სხვა სოფლებიდანაც. ასევე 2014 წლიდან ვიწყებთ სოციალური პროექტების განხორციელებას სხვადასხვა სოფლებში,“ – აცხადებს ზვიად დიასამიძე.
მისივე თქმით კომპანიამ უკვე გახსნა საინფორმაციო ცენტრები ხულოსა და შუახევში, სადაც მოქალაქეებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყველა ტიპის ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. საინფორმაციო ცენტრები ადგილობრივ მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის დასაქმების შესაძლებლობის, მიწის საკითხებისა და პროფესიული კურსების შესახებ. შუახევის საინფორმაციო ცენტრი ადგილობრივი მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს.