ახალი ამბები

პარლამენტთან იპოთეკური სესხით მოსარგებლე პირების აქცია განახლდა

10 დეკემბერი, 2013 • • 965
პარლამენტთან იპოთეკური სესხით მოსარგებლე პირების აქცია განახლდა

“9 თვეა ეს აქციები გრძელდება. რას ვითხოვთ? ვითხოვთ დაბალპროცენტიან და გრძელვადიან სესხებს. გაგვიყიდეს სახლები და ისევ იპოთეკარებმა იყიდეს, ახლა გვირეკავენ და გვეუბნებიან, თუ არ დაფარავთ თანხას, გაგაგდებთ სახლიდან. სად უნდა წავიდეთ? სახელმწიფომ რაღაცაზე ხომ უნდა იფიქროს, ხომ უნდა იზრუნოს რაღაცაზე? რა ევროკავშირი და ნატო უშველის აქაურობას? ვის რად უნდა ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანებზე არ ზრუნავენ?”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თინათინ ფურცხვანიძე.

 

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქე ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

 

“ქალი შეწუხდა და პარლამენტის დაცვამ სკამიც არ მოგვცა. ალბათ, ეშინოდათ სკამი არ წაგვერთმია. მოვითხოვთ ხელისუფლებისგან გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების მოცემას. კანონი, რასაც განიხილავენ, ის ჩვენთვის არაა. აწი ვინც აიღებს სესხს, იმას ეხება მხოლოდ,” – ამბობს ლელა ხურციძე.

 

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად,  იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისთვის, გარდა 1000 ლარამდე (ან მისი ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში) გაცემული სესხებისა, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2,5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე – საკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი