როგორც უჩა ნანუაშვილმა დღეს, სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსახლეობის განსახლების და მათთვის კომპენსაციების გადახდის გეგმა:
“არსებობს საფუძვლიანი კითხვები ხუდონჰესის მშენებლობისათვის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებული სახით არ არსებობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ხოლო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოებაც კი არ არის დაწყებული. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან კეთდება საჯარო განცხადები ჰესის აშენების გარდაუვალობის თაობაზე. არსებითია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ამ ეტაპამდე ვერ მოიპოვა ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების გეგმა, ასევე, ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია საკუთრების კომპენსაციასთან დაკავშრებით”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სახალხო დამცველის აპარატი ხუდონჰესთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნას და რეკომენდაციებს წარმოადგენს. ამ ეტაპზე კი ნანუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, ამ საკითხს მეტი ყურადღება დაუთმოს.