2013 წლის 19 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
“მწვანე ალტერნატივას” ინფორმაციით, 2013 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართული ერთი წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
“მწვანე ალტერნატივის უაზრო გაკეთებულ განცხადებებზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, ეს არის რადიკალური ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკის განვითარებას, ქვეყნის განვითარებას“.
ეს კომენტარი გავიდა 2013 წლის 11 ნოემბერს ტელეკომპანია TV3-ის ეთარში.
მინისტრის ინტერვიუ ასევე გამოქვეყნდა გაზეთი “24 საათის” 2013 წლის 12 ნოემბერის გამოცემაში სათაურით – „მწვანე ალტერნატივა” რადიკალების ჯგუფია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ეწინააღმდეგება”.
ინტერვიუ ასევე გამოქვეყნდა ინტერნეტ-გამოცემა news.ge-ს ვებ-გვერდზე, სათაურით – “კახა კალაძე: “მწვანე ალტერნატივა” ფულს იმაში იღებს, რომ ქვეყანაში არაფერი გაკეთდეს”.
მწვანე ალტერნატივა ითხოვს, დაევალოს კახა კალაძეს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა მოხდეს იმავე საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით და ორგანიზაციის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.