ახალი ამბები

“აიისას” საქმეს სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძე განიხილავს

15 მაისი, 2018 • 2983
“აიისას” საქმეს სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძე განიხილავს

პრეზერვატივების ქართული კომპანია “აიისას” საქმეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის იურისტი გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს

4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ქართულ კომპანია “აიისა” სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარის გადახდა დააკისრა. “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”  იურისტი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც კომპანიის ინტერესებს იცავს, აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ცენზურის კუთხით საშიშ პრეცედენტს ქმნის.

თბილისის მერიამ პრეზერვატივების ქართული კომპანიის”აიისა” დამფუძნებელ ინდმეწარმეს არასათანადო რეკლამირების ბრალდებით სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და განსახილველად საქალაქო სასამართლოს მიმართა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159–ე მუხლის დარღვევისთვის შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

უზენაესი სასამაღთლოს ყოფილი მოსამართლე, ლევან მურუსიძე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი