ახალი ამბები

ხადური ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ხელფასი იზრდება

5 დეკემბერი, 2013 •
ხადური ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ხელფასი იზრდება

“თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილის შრომის ერთადერთი ანაზღაურება, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ხელფასი იქნბა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი, მათ შორის შემცირება. მოგეხსენებათ, პრეზიდენტს იმდენი ფუნქცია აღარ ექნება, რამდენიც აქამდე ჰქონდა, შესაბამისად, მისი შრომის ანაზღაურების გაზრდა სრულიად შესაძლებელია იმ დაფინანსების ხარჯზე, რომელიც არსებობს. ძალიან ბევრი ხარჯი, რომელსაც წინა პრეზიდენტი წერდა და მისთვის იყო გათვალისწინებული, წელს აღარ გაიწერება. სახელფასო სარგოს განსაზღვრული 9 000 ლარიდან პრეზიდენტი ხელზე 7 000 ლარს აიღებს”, – განმარტა ნოდარ ხადრუმა. 


საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შესულია. 

 

პრეზიდენტის ყოველთვიური ანაზღაურება დღეს 4720 ლარია. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო, 2013 წლის მაისში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმალობაში პრეზიდენტს სწორედ ამ ოდენობის (56 640 ლარი) ხელფასი აქვს აღებული.  

 

რაც შეეხება მინისტრების ხელფასს, 2013 წლის მარტში, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მინისტრების ყოველთვიური ანაზღაურება 3540-დან 6300 ლარამდე გაიზარდა.

 

საქართველოს მთავრობა 2014 წლის ბიუჯეტში არსებული დეფიციტის დასაფინანსებლად, შიდა ვალს 400 მილიონიდან 600 მილიონ ლარამდე ზრდის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი