ახალი ამბები

გია ხუხაშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი რისკ–ფაქტორი რუსეთია

2 დეკემბერი, 2013 • • 1707
გია ხუხაშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი რისკ–ფაქტორი რუსეთია

ხუხაშვილმა 2013 წელს საქართველოს ევოკავშირთან ინტეგრაციის კუთხით წარმატებული უწოდა:


“ხელისუფლებამ ამ მიმართულებით კარგად იმუშავა, მაგრამ რისკები არსებობს. ყველა ხელისუფლება მიდრეკილია გარყვნისკენ. თუ საზოგადოების მხრიდან არ იქნება მაქსიმალური კონტროლი ხელისუფლებისა, რომელსაც აქვს მაღალი კარტბლანში მოქმედების, რისკი ძალიან მაღალია”.

 

ხუხაშვილის განმარტებით, საქართველოს ევროკავშირთან ინტერგრაციის გზაზე მთვარი რისკ–ფაქტორი რუსეთია:


“რუსეთი ყველაფერს თეთრი ძაფით კერავს. იმ ტიპის რისკები, რაც უკრაინას ახასიათებს, არ არის მოსალოდნელი რუსეთიდან, რადგან ენერგომატარებლებით არ ვართ დამოკიდებული. მაგრამ პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია. ამ პროცესში რუსეთი გამოიყენებს იმ ბერკეტებს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია – ქვეყნის ერთიანობის პრობლემატიკას.”

 

ხუხაშვილი ხელისუფლებას სიმშვიდისაკენ მოუწოდებს:


“ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიძაბოთ, რადიკალურ ზომებს მივმართოთ და დაპირისპირებაში შევიდეთ რუსეთთან. პოლიტიკა დინამიკაში უნდა განვიხილოთ. ჩვენ უნდა შევეცადოთ გარკვეულწილად რუსული მიდგომების ცვლილებას. უნდა მოვახერხოთ და რუსეთს ავუხსნათ, რომ ჩვენი ევროინტეგრაცია არ არის მათთვის მხოლოდ საზიანო. ჩვენ რიტორიკულ ომში კი არ უნდა შევიდეთ და ლეგენდარული ბრძოლა კი არ უნდა გამოვუცხადოთ, რაც საზიანოა. რუსეთი ნაჯახით მოქმედებს. ჩვენი გზა ევროკავშირისკენ არის შეუქცევადი. თუმცა როგორ მოახერხებს ამას მთავრობა, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ რუსეთს ომს ვერ გამოვუცხადებთ, რიტორიკული ომი უპერსპექტივოა და წამგებიანი.” 

 

ხუხაშვილის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა არის რთული და მზა რეცეპტები არ არსებობს:


“კარგად ვიცნობ რუსულ მენტალიტეტს, სადაც იმპერიული მისწრაფებები მუდმივია. თუმცა იქაც არიან ადამიანები, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება. რუსეთი ყოველთვის უკმაყოფილო იქნება ჩვენი დისტანცირებით მათი კონტროლირებადი სივრციდან. საქართველოსთვის კარგი მაგალითია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. რევოლუციური ტალღიდან უნდა ჩამოვიდეთ და რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. რა რისკები ახასითებს ამ გარდამავალ პროცესს, ეს კარგად უნდა გავიაზროთ. არის, ერთი მხრივ, ეკონომიკური რისკები სერიოზული, მაგრამ არა იმ ტიპის, როგორიც უკრაინისთვის არის დამახასიათებელი. უკრაინაში რისკები შეიქმნა იმის გამო, რომ ამ ქვეყანამ ვერ მოახერხა თავისი ეკონომიკის მოდერნიზაცია. უკრაინის ეკონომიკა არის საკმაოდ მოუხეშავი და ელექტროტევადი. ენერგომატარებლები ქვეყანაში მთლიანად მიდიოდა რუსეთიდან. დღეს უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს მარტივი არჩევანი. თუ არ გადადგამდნენ ამ ნაბიჯს, ამას შეეძლო გამოეწვია უკრაინის ეკონომიკური კოლაფსი, რაც პოლიტიკურ რისკებში გადაიზრდებოდა და შექმნიდა სოცილურ პრობლემებს. უკრაინას არ ჰქონდა მარტივი არჩევანი. დგას მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, რატომ მივიდნენ ამ წერტილამდე? ევროკავშირთან ინტეგრაციის დასაწყისის მომენტი და ეკონომიკური სტაბილურობა ერთ წერტილში თანხვედრაში რატომ ვერ მოვიდა?” 

 

თუ საქართველოს ეკონომიკა არ განვითარდა და დასაქმების პრობლემა არ გადაიჭრა, შესაძლოა საქართველო იგივე პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს:

 

“პრობლემები გვექნება, თუ ვერ შევძელით კონკურენტული ეკონომიკის შექმნა ევროინტერგრაციის მომენტში. ეს გამოიწვევს მყისიერ ინფლაციურ პროცესებს. უფრო კონკრეტულად – ნახტომისებურს, რაც წარმოშობს სოციალურ რისკებს და ჩვენ აღმოვჩნდებით ევროკავშირის პერიფერიაზე. ორი–სამი წელი, რაც ამ გზის გასავლელად გვჭირდება, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ შევქმნათ კონკურენტული ეკონომიკა. დასაქმების პრობლემა მაქსიმალურად უნდა გადავწყვითოთ. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიქცევით იაფფასიან ბაზრად. ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ, რომ ევროკავშირს მაინცდამაინც საქველმოქმედო მიზნები ამოძრავებს გაფართოების პროცეში. იქ არის პრაგმატული გათვლა. ეს არის ნაბიჯები ბაზრების მოპოვების მიმართულებით. აქ ჯანსაღი პირამიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმალუარდ უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდი, რომ მზად დავხვდეთ ამ ყველაფერს. სხვა შემთხვევაში პროგნოზი იქნება პესიმისტური,” – ამბობს ხუხაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი