ცვლილებები საქართველოს მთავრობის #242 დადგენილებაში შევიდა. როგორც გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე აცხადებს აქამდე მოქმედი დადგენილების გამო მოსახლეობის ნაწილი შეშის გარეშე რჩებოდა:
“აქამდე ერთ პირს შეეძლო გამოყოფილი ტყეკაფი მთლიანად შეესყიდა და შემდეგ გაეყიდა, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობის
ნაწილი შეშის გარეშე რჩებოდა. ჩვენ გავაანალიზეთ ტყის ათვისების აქამდე არსებული შედეგები და 3 დეკემბრიდან თითო ოჯახი კალენდარული წლის მანძილზე 7 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბილეთის მოქმედების ვადა აქამდე 1 წელი იყო, რის გამოც ტყის მცველებს უჭირდათ კონტროლი ვინ როდის მოჭრიდა ხეს, ახლა ბილეთის მოქმედების ვადა 30 დღე იქნება, რაც ჩვენი აზრით სრულიად საკმარისია”, – აცხადებს მინისტრი. მისი თქმით, ბილეთის აღება და 30 დღის განმავლობაში გამოყენება ნებისმიერ პირს წლის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლება.
რაც შეეხებათ იმ პირებს, ვინც ბილეთი 2013 წლის 3 დეკემბრამდე აიღო, მათ ბილეთის გამოყენება 2014 წლის 1 მარტამდე შეეძლებათ.
ცვლილებებია სამასალე მერქნის მოჭრასთან დაკავშირებითაც. ხათუნა გოგალაძის თქმით, თუკი აქამდე არ ხდებოდა კონტროლი ვის რამდენი სამასალე მერქანი სჭირდებოდა, ცვლილებების შემდეგ ეს გაკონტროლდება:
“აქამდე სამინისტროს არ შეეძლო გადამოწმება, საჭირო იყო თუ არა სამასალე ხის გამოყოფა მაშინაც კი, როდესაც მოთხოვნა საკმაოდ დიდი რაოდენობის მერქანზე შემოდიოდა. ახლა გუბერნატორები, რწმუნებულები და თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოები წარმოადგენენ მთხოვნას სამასალე მერქანზე, შემდეგ მოხდება გადამოწმება რისი შესაძლებლობა აქვს ამა თუ იმ ტყეს და ასევე ჩვენ შევამოწმებთ თითოეულ ოჯახს, მერქანი გაიცემა პრიორიტეტულად, იმის მიხედვით ვის უფრო სჭირდება”, – აცხადებს მინისტრი.
რაც შეეხება ბილეთის გაცემის პროცედურებს , სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მხრივ ცვლილებები არ იგეგმება და მსურველებს ბილეთის აღება კვლავ “ლიბერთი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში შეეძლებათ.