ახალი ამბები

შეზღუდვები ბავშვებთან მიმართებაში საგზაო მოძრაობისას

29 ნოემბერი, 2013 •
შეზღუდვები ბავშვებთან მიმართებაში საგზაო მოძრაობისას

აღნიშნული კანონპროექტის 26-ე მუხლი ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი მოთხოვნების შემოღებას ეხება. ამ მუხლის თანახმად, მძღოლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ბავშვის განვითარების დონე მათ საშუალებას არ აძლევს სრულყოფილად გაანალიზონ საგზაო მოძრაობის პირობები. ასევე, გზებზე, ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვის შემთხვევაში, ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობო ნიშანი – “ბავშვის გადაყვანა”, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებას. 

 

ამასთან, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვის გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ჯდომით მდგომარეობაში, კონსტრუქციულად განსაზღვრული დასაჯდომი ადგილებით. ბავშვთა გადაყვანა დგომით მდგომარეობაში აკრძალულია. ხოლო ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსს მიმაგრებული უნდა ჰქონდეს საცნობი ნიშანი – “ბავშვების გადაყვანა”. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქურის სიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და გადმოსხდომა, აგრეთვე, ბავშვების მიერ სავალი გზის უსაფრთხოდ გადაკვეთა.

 

კანონპროექტის თანახმად, ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ ტროტუარზე, ან ქვეითთა ბილიკზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – გვერდულზე. დასახლებული პუნქტის გაუნათებელი და დაუსახლებელი პუნქტების გზებზე ბავშვთა ჯგუფის გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ დღე-ღამის ნათელ დროს. ორმხრივ მოძრაობიან გზაზე, რომელსაც გამყოფი ზოლი არ აქვს, ბავშვთა ჯგუფები უნდა გადაადგილდებოდნენ მოძრაობის მიმართულების საპირისპირო მხარეს მდებარე გვერდულზე. ბავშვთა ჯგუფების გადაყვანა უნდა განხორციელდეს სრულწლოვანი გამცილებლის თანხლებით, ამასთან, ჯგუფი უნდა იყოს რიგებად, რიგში არაუემტეს ორი ბავშვისა. ბავშვების ჯგუფების გამცილებელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილება. მიზანშეწონილია გზაზე მოძრაობისას გამცილებელს ეცვას შუქამკრელი უსაფრთხოების ჟილეტი. ბავშვთა გამცილებლის მინიშნებისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ბავშვებს, რომლებიც კვეთენ სავალ ნაწილს.

 

გარდა ამისა, აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მსუბუქ ავტომობილში წინა სავარძლით, მოპედით, ან მოტოციკლით, 25კმ/სთ მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე მცირე კვადროციკლით, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის, ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.

 

ცვლილებების მიხედვით, 3 წლამდე ასაკის ბავშვის ავტომობილით, უკანა სავარძლით გადაყვანისას სავალდებულოა გამოყენებული იქნას სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი, ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას. თუმცა ნებადართულია 3 წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში, იმ პირობით, თუ აღნიშნულ მგზავრს უჭირავს მხოლოდ ერთი ბავშვი.

 

აკრძალულია გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაში 6 წლამდე ასაკის ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი