ახალი ამბებისაზოგადოება

მოსწავლეების მიერ წაკითხულის გააზრების კვლევაში საქართველო ვერ პროგრესირებს – PIRLS

7 მაისი, 2018 • 6034
მოსწავლეების მიერ წაკითხულის გააზრების კვლევაში საქართველო ვერ პროგრესირებს – PIRLS

წიგნიერების ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც 2016 წლის მონაცემებს ეხება, საქართველოს მაჩვენებელი არ შეცვლილა და კვლავ 488 ქულით განისაზღვრება. საქართველოს იგივე, 488 ქულა ჰქონდა 2011 წელსაც, როცა წიგნიერების წინა კვლევა ჩატარდა.

PIRLS წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების მიერ წაკითხულის გააზრების უნარი. PIRLS-ის ტესტები ამოწმებს წაკითხულის გააზრების უნარს-რამდენად იგებს, იაზრებს ამ ასაკის ბავშვი სხვადასხვა ტიპის ტექსტიდან მიღებულ ინფორმაციას, შეუძლია თუ არა ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა.

PIRLS-ს აქვს ქვეყნების საერთო საშუალო ქულის შეფასების ოთხი დონე. თუ ქვეყნის საშუალო ქულა 400 ქულიდან 474 ქულას შორის მერყეობს, დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების კატეგორიაში შედის. 475-550 ქულის ინტერვალი არის საშულო მაჩვენებლის მქონე ქვეყნების შედეგი, მაღალ მაჩვენებლად ითვლება, თუ ქვეყნის საშუალო ქულა 550- დან 625-მდე მერყეობს, ხოლო უმაღლესი მაჩვენებელია, თუ ქვეყნის საშუალო ქულა 625 და მეტია. ამ შეფასების სისტემის თანახმად, საქართველო საშუალო მაჩვენებლის ქვეყნებს შორისაა.

კვლევა ასევე ითვლის საერთაშორისო სკალირებულ საშუალო მაჩვენებელს, რომელიც  500 ქულით განისაზღვრება, საქართველომ, წინა წლების მსგავსად, ვერც წლევანდელ კვლევაში შეძლო ამ მაჩვენებლის გადალახვა.

PIRLS-ის კვლევა 2001 წლიდან ტარდება, თუმცა საქართველო მას 2006 წელს შეუერთდა. 2006 წელს საქართველოს საშუალო ქულა 471 იყო, ამ ქულით საქართველო დაბალი მაჩვენებლის ქვეყნების სიაში მოხვდა, 2011 წელს ქვეყანამ მაჩვენებელი 17 ქულით გააუმჯობესა და 488 ქულა მიიღო და საშუალო მაჩვენებლის ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. 2016 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესუბულა, ქვეყანამ ისევ 488 ქულა მიიღო.

2016 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი აქვს ლიტერატურული ტექტსტის კითხვასა და გააზრებაში, ვიდრე საინფორმაციო ტექსტის კითხვასა და გააზრებაში. ლიტერატურული ტექსტის გააზრებაში საქართველოს საშუალო ქულა 490-ია, როცა საინფორმაციო ტექსტის გააზრებაში საქართველოს მაჩვენებელია 486.

საქართველოდან კვლევაში ჩართული იყო 200 სკოლა,  5 741 მოსწავლე, 5 700 მშობელი და 200 დირექტორი.

PIRLS-ის კვლევა ჩატარდა 50 ქვეყანაში, თავისი მონაცემით საქართველო 50 ქვეყნას შორის 37-ე ადგილზეა. ყველაზე კარგი მაჩვენებელი, 581 ქულა რუსეთის ფედერაციას აქვს, მას მოსდევს სინგაპური, ჰონ კონგი, ირლანდია და ფინეთი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი