მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის განყოფილებასთან, ბარსელონას ქართული ფან-კლუბის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. ესპანური გრანდის გულშემატკივრები მოითხოვენ, რომ გირჩის ლიდერს, იაგო ხვიჩიას დღეს დაგეგმილი ელ-კლასიკო აყურებინონ.
საპროტესტო აქციას გირჩის წევრებიც შეუერთდნენ, რომლებიც ითხოვენ, იაგოსთან ერთად, ვახტანგ მეგრელიშვილსაც აყურებინონ კლასიკო.
ბარსას გულშემატკივრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ხელმძღვანელს ოფიციალური განცხადებითაც მიმართეს, სადაც ისინი წერენ:
“დღეს, 6 მაისს, 23:30 საათზე იმართება სეზონის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მატჩი კატალონიის “ბარსელონასა და მადრიდის “რეალს” შორის, რომლის ყურებასაც იაგოსთვის განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება და დართოთ იაგოს ნება, თვალი მიადევნოს მატჩს, რომლის გამოტოვებაც, მისთვის წამების ტოლფასი იქნება.”
ამისთვის ბარსას ქართული ფან-კლუბი დროებითი მოთავსების იზოლატორის ხელმძღვანელს სთავაზობს:
- იაგოს საკანში შეუტანონ შესაბამისი მოწყობილობა – ტელევიზორი ან ლეპტოპი.
- ბადრაგის მეთვალყურეობით წაიყვანონ ბარსას ფან-კლუბში, რომელიც წინასწარი მოთავსების იზოლატორთან ახლოს მდებარეობს.
ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, აყურებინებენ თუ არა იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს დღევანდელ ელ-კლასიკოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, რაზეც ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ.
შსს-ში განგვიცხადეს, რომ ბარსას ფან-კლუბის “განცხადება განხილვის სტადიაზეა და შესაბამისი პროცედურების დაცვით პასუხი ეცნობება ინიციატორს.”
თბილისი საქალაქო სასამართლომ 3 მაისს ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო მის თანაგუნდელებს, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ზურაბ ჯაფარიძეს შსს სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
რაც შეეხება ვახტანგ მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას, შსს-ს ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. შსს-ს თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, სამართალდამცავები ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ერთ პირს აკავებდნენ, “გირჩის” წევრებმა კი ხელი შეუშალეს.
“გირჩის” წევრების თქმით, 5-6 უფორმო ადამიანი, რომლებმაც თავი შსს-ს თანამშრომლებად წარადგინეს, მათი პარტიის ოფისის მიმდებარედ მოქალაქის დაკავებას ცდილობდა. როგორც “გირჩის” წევრმა ნიკა ობოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავებს ჰქონდათ ეჭვი, რომ ეს ადამიანი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.
წაიკითხეთ ამავე თემაზე:
რატომ აღმოჩნდა შსს-ს განცხადებაში ინფორმაცია, თითქოს დაკავებული ნარკოტიკით ვაჭრობდა
ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ შსს-მ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო