ახალი ამბები

ბრეგაძე: პატრიარქის პოზიციაა, რომ დაკავებული აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ

5 მაისი, 2018 •
ბრეგაძე: პატრიარქის პოზიციაა, რომ დაკავებული აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ

“ქართული მარშის” წარმომადგენლები დაკავებული აქტივისტების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, ილია II-ს შეხვდნენ. შეხვედრა საპატრიარქოს შენობაში შედგა.

როგორც მოძრაობის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, პატრიარქმა დააფიქსირა ცალსახა პოზიცია, რომ “ქართული მარშის” წევრები უსამართლოდ დააკავეს და ისინი უნდა გათავისუფლდნენ.

“პატრიარქმა დააფიქსირა ცალსახა პოზიცია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც დაკავებულები არიან, უსამართლოდ სხედან ციხეში; და რომ ისინი სასწრაფო წესით უნდა გათავისუფლდნენ. საუბარში გამოიკვეთა, რომ ის ამის შესახებ ეტყვის აბსოლუტურად ყველას, იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი, ვისთანაც კი ხელი მიუწვდება და ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ ახალგაზრდები სასწრაფოდ გამოვიდნენ პატიმრობიდან. მან აღნიშნა, რომ ისინი არიან არასამართლებრივ პატიმრობაში. ამ შეხვედრის ძირითადი არსი ეს იყო”, – განუცხადა ბრეგაძემ “ნეტგაზეთს”.

გუშინ, 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ “ქართული მარშის” დაკავებული აქტივისტები პატიმრობაში დატოვა და პროცესი 7 ივნისისთვის გადადო.


19 მარტს, ე.წ. ქართული მარშის წევრებმა რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს სცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 მარტს ექვსივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

აღნიშნულის გასაპროტესტებლად “ქარულმა მარშმა” მათი მოძრაობის დაკავებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით უვადო სასიკვდილო შიმშილობა 1 მაისს დაიწყო. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ისინი ირლანდიელი პატრიოტების ანალოგიურად იშიმშილებენ.

ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ აამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი