ახალი ამბები

2017 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულების 54 %-ს დაზიანებები აღენიშნებოდა

3 მაისი, 2018 • 2434
2017 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულების 54 %-ს  დაზიანებები აღენიშნებოდა

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს წინასწარი დაკავების იზოლატორში შესახლებული პირების 54,1 პროცენტს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, ხოლო პოლიციის მიმართ პრეტენზია დაკავებულების 2 პროცენტს ჰქონდა. ვინ და რას აკეთებს სამართალდამცავ სისტემაში წამების და არაადამიანური მოპყრობის პრევენციისათვის?

“შეცდომით დაკავებული” ირაკლი ხოფერიას საქმე

2017 წლის 16 თებერვალს თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 20 წლის სტუდენტი ირაკლი ხოფერია იმ დანაშაულის აღიარების მოთხოვნით სცემეს, რომელიც მას არ ჩაუდენია. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ სცემდნენ, მას ემუქრებოდნენ ნარკოტიკის “ჩადებით”. დანაშაული, რომლის აღიარებასაც, ხოფერიას თქმით, აიძულებდნენ, იყო მობილური ტელეფონის წართმევა. როგორც ხოფერია ამბობს, მას ოთხი პოლიციელი სცემდა, ვიდრე არ გაირკვა, რომ შეცდომით დააკავეს.

ეს ერთ-ერთი ის საქმეა, რომელზეც  აპრილში „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ორგანიზებით გაიმართულ კონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ეკა ციმაკურიძემ ისაუბრა.  საქმეს ამჟამად პროკურატურა იძიებს. სამართალდამცავებიდან ჯერჯერობით პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

როგორც ეკა ციმაკურიძე ამბობს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე გამოძიება იწყება, თუმცა შედეგი თითქმის არასდროს დგება – პრობლემაა სამართალდამცავთა პასუხისგებში მიცემა.

წამება და არასათანადო მოპყრობა დაკავებამდე და დაკავების შემდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის ოფისისთვის  მიწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს დროებითი მოთავსების  იზოლატორში 11 812 პირი შეასახლეს. მათგან 6386 პირს (54,1 %) ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, ხოლო პოლიციის მიმართ პრეტენზია 241-მა პირმა (2%) გამოთქვა..

ოფიციალური მონაცემით, 2017 წელს შემცირებულია დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების მიღების შემთხვევათა  რაოდენობა და, შესაბამისად, ხვედრითი წილი დაზიანების დაკავებისას ან/და დაკავების შემდგომ მიღების შემთხვევების საერთო რაოდენობაში, ხოლო, თავის მხრივ, გაზრდილია ანალოგიური მაჩვენებლები დაკავებისას მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ მათ  მიერ შესწავლილი შემთხვევების მესამედს ერთი რამ აერთიანებთ – პირის დაკავების ოქმში მითითებული არ არის ის დაზიანება, რომელიც აღწერილია დაკავების შემდეგ გარეგნული დათვალიერების ოქმში:

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაწესებული სტანდარტით, თუ დაკავებისას პირს არ აღენიშნება დაზიანება და შემდეგ, რაღაც ეტაპზე აღენიშნება დაზიანებები, მყარი ვარაუდი ჩნდება, რომ პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო პირმა დაზიანებები,” – ამბობს კვარაცხელია.

რას აკეთებს შსს-ს გენერალური ინსპექცია

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდა გენერალური ნსპექციის დისციპლინური დევნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ფხალაძე. სიტყვით გამოსვლისას მან დააადასტურა, რომ ინსპექციისადმი პოლიციელების მიერ ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. კერძოდ, 2017 წელს სამინისტროში  12 ათასი სამსახურეობრივი შემოწმება განხორციელდა.

მისივე ცნობით,  2016-2017 წლებში  შინაგან საქმეთა სამინისტროდან სამსახურეობრივი მოკვლევის შემდეგ 333 პოლიციელი დაითხოვეს; თანამდებობიდან ჩამოაქვეითეს – 17; სასტიკი საყვედური გამოუცხადეს 982 პოლიციელს, ხოლო 791 პოლიციელს საყვედური გამოუცხადეს.

“ცხადია, თორმეთი ათასი შემოწმებიდან ყველა არ დადასტურებულა, მაგრამ რაღაც შედეგი დადგა. ჩვენ გვინდა, რომ შემოწმების პროცედურები უფრო დაზუსტებით გაიწეროს და სადაც ხარვეზებია, გავასწოროთ. გენერალური  ინსპექცია სადამსჯელო მექანიზმად არ უნდა აღვიქვათ, ჩვენ ასევე ვცდილობთ პოლიციელების უფლებების დაცვას,” – აღნიშნავს ფხალაძე.

თუმცა ამ დისციპლინური დევნის მიღმა ათობით ისეთი საქმეა, რომლებზეც განაჩენი არ დამდგარა. უფრო კონკრეტულად, 2014-2017 წლებში სახალხო დამცველმა და არასამთავროებმა პროკურატურას 91 საქმეზე მიმართეს, თუმცა დღემდე არავინ დასჯილა.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის აპარატის აზრით, პროკურატურა და გენერალური ინსპექცია სამართალდამცავთა მიერ ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევებს ეფექტურად ვერ იძიებენ, რადგან ინტერესთა კონფლიქტი აქვთ. შესაბამისად, მათი აზრით, საჭიროა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომელსაც გამოძიებასთან ერთად სისხლის სამართლებრივი დევნის და სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერის ფუნქცია ექნება, თუმცა ასეთ მოდელს არ ეთანხმება ხელისუფლება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით, შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. ახალი უწყება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგსაც შეითავსებს. სახელმწიფო ინსპექტორს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის მხოლოდ გამოძიება შეეძლება – ის საპროკურორო ზედამხედველობას ვერ განახორციელებს. პარლამენტში კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება სამართალდამცავ სისტემაში წამების პრევენციას, “ციხის საერთაშორისო რეფორმის”  წარმომადგენლის, თეა კორძაძის განცხადებით, ამ  კუთხით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი  მონიტორინგის მექანიზმის შექმნა, რაც 2012 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვის ცოტა ხნით არსებობდა:

“ სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს პოლიციის დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტდება.   ასეთი მექანიზმი ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამბობს კორძაძე.

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში უკვე დაწყებულია. მისი მიღების შემდეგ პარლამენტი ანგარიშს პლენარულ სხდომაზე მოისმენს .

______________________________________________________________________________

სტატია მომზადდა  ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ განხორციელებული პროექტის  „საქართველოსა და სომხეთში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა პრევენციული მონიტორინგის გაძლიერების გზით“ ფარგლებში.  პროექტს აფინანსებს ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არცერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს დონორისა და „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ პოზიციად.

მასალების გადაბეჭდვის წესი