ბირჟა მაფია, ამირან კვირიკაშვილი, ზვიად რატიანი – ეს ის საქმეებია, რომლებშიც პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში სდებენ ბრალს, თუმცა არცერთი მათგანია გამოძიებული. არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენის ოფისი მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმი უნდა ჩამოყალიბდეს. იგივე პოზიციაზეა ხელისუფლება და ოპოზიცია, თუმცა შეთანხმება ვერ ხერხდება მთავარზე – რა უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს. რაში გვჭირდება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი?
[red_box]თაროზე შემოდებული საქმეები[/red_box]
სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის კვლევის მიხედვით, (ჯგუფი აერთიანებს 14 არასამთავრობო ორგანიზაციას) 2014-2017 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას 91-ჯერ მიმართა სამართალდამცავების მიერ ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევების გამოსაძიებლად. კვლევის მიხედვით, პროკურატურამ 91 შემთხვევიდან ბრალი მხოლოდ ორ შემთხვევაში წარუდგინა პოლიციელებს. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არცერთ შემთხვევაში გამოუტანია.
.
“ასეთი საქმეების გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს. პროკურატურა ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას. მთავარი ხარვეზი პროკურატურაშია და ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც პრაქტიკაში და კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის,” – ამბობს გიორგი ბურჯანაძე, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, სოფო ვერძეულის თქმით, პროკურატურა არ არის და ვერ იქნება დამოუკიდებელი უწყება ასეთი საქმეების გამოძიების დროს:
“მას მაინც აქვს კოლეგიალობის, თუ ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები, როცა ვსაუბრობთ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. “
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ტუღუშის აზრით, პროკურატურა არ გამოირჩევა დამოუკიდებლობით და რადგან ის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, გარკვეული კონიუნქტურიდან გამომდინარე მოქმედებს.
“პროკურატურა ცდილობს ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არ შეეხოს. დამნაშავე პოლიციელების დასჯის პოლიტიკური ნება არ არსებობს. პროკურატურა არ მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. თორემ, ნორმალურად რომ მუშაობდეს, საერთოდ არ დადგებოდა დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის საკითხი დღის წესრიგში. ასეთი შემთხვევების გამოუძიებლობა ჩირქს ცხებს პოლიციის სისტემას, და მისი კარგიც აღარ ჩანს. “
[red_box]ევროკავშირის რეკომენდაცია – დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი[/red_box]
2017 წლის 21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის. დოკუმენტში ერთ-ერთი მოკლევადიანი პრიორიტეტი სწორედ ამ მექანიზმის ჩამოყალიბებას ეხება.
“ სამართალდამცავი ორგანოების მიერ სასტიკი მოპყრობის ბრალდებათა გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბება პენიტენციურ სისტემაში, პოლიციაში, სამხედრო და სხვა დახურულ დაწესებულებებში წამებისა და სასტიკი მოპყრობის ნებისმიერი ბრალდების სრულყოფილი, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველსაყოფად,” – ვკითხულობთ ასოცირების დღის წესრიგში.
“იდეა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას, წინა მოწვევის პარლამენტში იყო მხარდაჭერილი. მექანიზმის საჭიროება გამომდინარეობდა 2004-2012 წლებში ჩადენილი სისტემური დანაშაულის გამოაშკარავების შემდეგ.
მოგვიანებით ეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებშიც ჩაიდო. იდეა, რომ ასეთი მექანიზმი უნდა შეიქმნას, მხარდაჭერილია როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ,” – ამბობს ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
დეპუტატის განცხადებით, მექანიზმი ისეთი უნდა იყოს, რომელიც უპასუხებს წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას და პრევენციული იქნება აწმყოსა და მომავალში.
გიორგი ბურჯანაძის თქმით, არავინ არ ხდის სადაოდ იმას, რომ 2012 წლამდე ასეთი პრობლემები გვქონდა, თუმცა მისივე განმარტებით, ზემოთ მოყვანილი კვლევა აჩვენებს, რომ პრობლემები არ აღმოფხვრილა.
[red_box]რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს დამოუკდიებელ მექანიზმს?[/red_box]
სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას მთავრობისგან, მათ შორის, პროკურატურისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. მის ხელმძღვანელს პირობითად კომისარი ერქმევა და 7 წლის ვადით აირჩევა. პროექტით, კომისრის დასამტკიცებლად პარლამენტის წევრთა 3/5–ის, ანუ 90 დეპუტატის მხარდაჭერა მაინც იქნება საჭირო. ამ მოდელის თანახმად, კომისარი პარლამეტს მოხსენებას წელიწადში ორჯერ წარუდგენს. ხოლო თუკი პარლამენტის წევრთა მხრიდან მოთხოვნა იქნება, ეს შეიძლება უფრო მეტჯერაც მოხდეს.
კანონპროექტის თანახმად, კომისრის ოფისს სამი ფუნქცია უნდა ჰქონდეს:
[checklist]
- გამოძიება
- სისხლის სამართლებრივი დევნა
- სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერა
[/checklist]
რაც შეეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის იურისდიქციას, ის მოიცავს არა მხოლოდ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოძიებას, არამედ იმ დანაშაულების გამოძებასაც, სადაც ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება. კერძოდ, კანონპროექტით, დამოუკიდებელ მექანიზმს უნდა ჰქონდეს დევნისა და გამოძიების უფლებამოსილება მაშინ, როდესაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტის დასაბუთებული ვარაუდი, რომლის მიხედვით, გამოძიებას ობიექტურად ვერ წარმართავს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო სტრუქტურა.
“თუ ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იყოს შედეგიანი და რეალურად ჰქონდეს გავლენა, მას ყველა ის კომპეტენცია უნდა ჰქონდეს, რომელიც საქმის დაწყებიდან საქმის ბოლოში მიყვანამდე არის საჭირო.,” – აღნიშნავს სოფო ვერძეული.
გიორგი ტუღუშის განცხადებით, თუ ცალკე სამსახურის შექმნაზე ვსაუბრობთ, ეს სამსახური ძალოვანი უწყებებიდან გარეთ უნდა გავიტანოთ.
“მას შეიძლება გააჩნდეს ბმა პარლამენტთან, პარლამენტმა მისცეს ლეგიტიმაცია, მაგრამ ჰქონდეს ფუნქციური დამოუკიდებლობა, რათა რეალური გამოძიება აწარმოოს.”
ასეთ მოდელს არ ეთანხმება ხელისუფლება. ეკა ბესელიას განცხადებით, გამოძიება შეიძლება წარიმართოს დამოუკიდებლად, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულებაა დანაშაულის გამოვლენა, დამნაშავის დასჯა და ბრალდების უზრუნველყოფა.
“მე როგორც სისხლის სამართლის იურისტი, ამ ჭრილში ვუყურებ ამ პროცესს, რომ სახელმწიფომ უარი არ უნდა თქვას თავისი პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულების შესრულებაზე და სასამართლოში უნდა წარმოადგინოს საქმე. “
თუმცა, როგორც დეპუტატი განმარტავს საპარლამენტო უმრავლესობაში დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო პოზიციააზე არ ჩამოყალიბებულან:
“ერთიან სისტემაში უნდა დავინახოთ მოდელები, უნდა გავაანალიზოთ სხვა ქვეყნების პრაქტიკა. უმრავლესობაში გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჩვენი მოსაზრებების და შენიშვნების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტის ბოლო ვერსიაზე მუშაობს და მათ ველოდებით . “
“ნეტგაზეთი” 2017 წის 26 დეკემბრიდან დღემდე ცდილობდა ამ საკითხზე შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის და იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის ჩაწერას, თუმცა უშედეგოდ.
2016 წელს “ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით გამართა შეხვედრა, რომელსაც არასამთავრობო სექტორის და უცხოელი ექსპერტების გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ შეხვედრაზე ბარამიძემ განაცხადა, რომ დამოუკიდებელ მექანიზმს მხოლოდ გამოძიების უფლება უნდა ჰქონდეს:
“ამ საგამოძიებო მექანიზმს უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქციები. წერტილი. მას არ უნდა ჰქონდეს არც სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქცია, არც, მით უმეტეს, სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერის ფუნქცია. “ჩვენ ვერ შევქმნით პროკურატურის პროკურატურას იმიტომ, რომ მერე თუ გამოირკვა, რომ არ ვართ კმაყოფილები პროკურატურის პროკურატურით, მერე შეიძლება დაგვჭირდეს პროკურატურის პროკურატურის პროკურატურის შექმნა და ასე გაგრძელდეს დაუსრულებლად,”- აღნიშნა ბარამიძემ.
გიორგი ბურჯანაძის თქმით, თუ მხოლოდ საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნება, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, პრობლემა მაინც მოუგვარებელი დარჩება:
“ანუ ამ ორგანომ შეიძლება ეფექტურად გამოიძიოს საქმე, მაგრამ პროკურატურამ ის არ წაიღოს სასამართლოში და თქვას, რომ მტკიცებულებები არასაკმარისია. “
ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოდელი იმის გარანტიაა, რომ ეს საგამოძიებო მექანიზმი რეალურად დამოუკიდებელი იქნება:
“ ამ ფუნქციების გარეშე მექანიზმის ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია. არსებული რეალობა აჩვენებს საზოგადოების დაკვეთას ხელისუფლების მიმართ, რომ უზრუნველყოფილი იყოს არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადოდ გამოძიება. როცა მოქალაქეს ეცოდინება, რომ პოლიციის ნებისმიერ გადაცდომას ადეკვატური პასუხის მოყვება, ერთი მხრივ, მას ექნება ნდობა საპოლიციო სისტემის მიმართ და მეორეს მხრივ, პოლიციელი ნაკლებად შეეცდება რომ თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს,” – ამბობს ეკა ხუციშვილი, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი.
___________________________________________________________________________________
სტატია მომზადდა ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ განხორციელებული პროექტის „საქართველოსა და სომხეთში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა პრევენციული მონიტორინგის გაძლიერების გზით“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ ვითარებაში არ შეიძლება ჩაითვალოს დონორისა და „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ პოზიციად.