ახალი ამბებისამართალი

ვის რისი სჯერა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტურობასთან დაკავშირებით?

21 მარტი, 2018 • 2009
ვის რისი სჯერა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტურობასთან დაკავშირებით?

“თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაფერი ცუდად იქნება, მე ვფიქრობ, რომ ასე ცუდად არ იქნება ყველაფერი” – მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშრებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას ამ კანონპროექტთან დაკავშრებით რამდენიმე ძირითადი კრიტიკული შენიშვნა აქვს.  ვიდრე კანონპროექტი პარლამენტში შევიდოდა, მათ ეს შენიშვნები სამინისტროს გაუგზავნეს, თუმცა, მათივე თქმით, არცერთი მათგანი გათვალისწინებული არ არის.

კანონპროექტი პირველი მოსმენით 20 მარტს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა. კანონპროექტის განხილვის ნაწილს კომიტეტის მხოლოდ სამი წარმომადგენელი ესწრებოდა – თავმჯდომარე სოფო კილაძე, წევრები – რატი იონათამიშვილი და ლევან ბეჟანიძე.

“ვისურვებდი, კომიტეტის უფრო მეტი დეპუტატი იყოს, რომ ამ ძალიან მნიშნელოვანი საკითხის განხილვაზე ყოფილიყო უფრო შინაარსობრივი და არსობრივი დისკუსია. მე მგონი, ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს საქართველოში არ გვაქვს,” – განაცხადა კონსტიტუციის 42-ე მუხლის დირექტორმა ნათია კაციტაძემ კომიტეტის სხდომაზე.

დისკუსიის ძირითადი ნაწილი კანონპროექტთან დაკავშრებით არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასა და იუსტიციის მინისტრს შორის წარიმართა. ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რაზეც ისინი ვერ თანხმდებიან, არის საკითხი, უნდა ჰქონდეს თუ არა სახელმწიფო ინსპექტორს საგამოძიებო მოქმედებების დამოუკიდებლად, პროკურატურის ზედამხედველობის გარეშე ჩატარების შესაძლებლობა.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ამ ფუნქციის გარეშე ახალი საგამოძიებო მექანიზმი ეფექტური ვერ იქნება.

“რთულად წარმოსადგენია, რას შეცვლის ახალი სამსახურის შექმნა მხოლოდ საგამოძიებო ფუნქციით, მაშინ, როდესაც მის მიერ წარმართულ გამოძიებას კვლავაც ის უწყება უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა და რომლის მიმართაც ყველაზე მეტი პრეტენზია არსებობს. ამ რეფორმის პირობებშიც, გამოძიების ფარგლებში ყველა კრიტიკულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება კვლავაც პროკურატურას ან მთავარ პროკურორს ექნება” – აცხადებს კოალიცია.

მთავრობა მათ არ ეთანხმება. ალექსანდრე ბარამიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ არ იცის, რატომ უნდა ჰქონდეს “პროკურატურას ასეთი დაუოკებელი სურვილი”, რომ მიჩქმალოს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულები.

“თუ თქვენ ლაპარაკობთ, რომ გამოძიება ისედაც პროკურატურის იყო, კარგი და პატიოსანი, სწორედ ეს გადმოგვაქვს მერე პროკურატურიდან ახლად შექმნილ დამოუკიდებელ უწყებაში. თქვენ შეგიძლიათ არ დაიჯეროთ ამ მექანიზმის ეფექტურობა, მაგრამ უკვე დისკუსია დავიყვანოთ იმაზე  – თქვენ არ გჯერათ, მე კი – მჯერა. მჯერა-არმჯერას შორის დისკუსია, როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა თქვა, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. ჰოდა, დაველოდოთ ამ პრაქტიკას და გამოცდილებას, ეგებ ყველაფერი კარგად განვითარდეს? დარწმუნებული ვარ, თქვენ ისევე გაგიხარდებათ, როგორც – ჩვენ,”- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

რა შეიცვლება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის შესახებ კანონით?

იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს გამოიძიებს. ამჟამად კანონპროექტი პარლამენტის კომიტეტებში პირველი მოსმენით იხილება.

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლსა და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის  გამოძიების ფუნქციებს გააერთიანებს.
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე კონტროლს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე განახორციელებს.
  • სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელი საქმეების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას საქართველოს პროკურატურა განახორციელებს. მთავარ პროკურატურაში შეიქმნება მთავარი პროკურორისადმი დაქვემდებარებული ახალი სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობა იქნება.
  • სახელმწიფო  ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულთა საქმეებზე ზედამხედველობას, რომელიც თავად პროკურატურის მუშაკის მიერ არის ჩადენილი, მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია განახორციელებს, რომელიც, ასევე, მთავარ პროკურორს ექვემდებარება.
  • სახელმწიფო ინსპექტორს საკონკურსო კომისია შეარჩევს, რომელიც პრემიერის ბრძანებით იქმნება. კომისიის წევრები იქნებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი. კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად.
  • ინსპექტორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია. ერთი და იგივე პირი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ზედიზედ  ორჯერ არ აირჩევა.
  • სახელმწიფო ინსპექტორს ხელშეუხებლობის ძლიერი გარანტიები ექნება – დამოუკიდებლობა ყველა თანამდებობის პირისა და ოფიციალური ორგანოსაგან; თავისუფლება პროფესიული საიდუმლოების შესახებ ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, მათ შორის, ინსპექტორობის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგაც.
  • სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის წინაშე არის ანგარიშვალდებული. მას ირჩევს პარლამენტი. იგი საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს; ასევე, წელიწადში ერთხელ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე წარდგება ანგარიშით ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

რის შეცვლას მიიჩნევს აუცილებლად არასამთავრობოების კოალიცია?

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ 20 მარტს გამოაქვეყნა საკითხების ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინების გარეშეც, მათი თქმით, რეფორმა ეფექტური არ იქნება.

“აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის იურისდიქცია გავრცელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე”

“შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, ინსპექტორი ვერ შეძლებს გამოიძიოს დანაშაულები, თუ ისინი ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ. აღნიშნული თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ სამართალდამცავ ორგანოებს, მათ რეალურად გააჩნიათ შესაძლებლობა, ათასობით დაქვემდებარებულ პირს მისცენ მითითება, ბრძანება და დაავალონ კონკრეტული ქმედების განხორციელება. შესაბამისად, ალოგიკურია მექანიზმის მანდატის შეზღუდვა იმ პირთა მიმართ, ვის ხელშიც ყველაზე მეტად არის კონცენტრირებული ძალაუფლება. ეს უკანასკნელი პირთა გარკვეული წრისთვის გაამყარებს დაუსჯელობის სინდრომს.”- აცხადებს კოალიცია.

“კოალიციის დამოუკდიებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” კონფერენცია 20 მარტს თბილისში.

ინტერესთა კონფლიქტის რისკების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ინსპექტორს ჰქონდეს უპირატესი იურისდიქცია”

“დანაშაულთა ჩამონათვალი, რომლის გამოძიების უფლებამოსილებასაც კანონი ინსპექტორს ანიჭებს, ნამდვილად წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. თუმცა  ხშირია შემთხვევები, როდესაც არაადამიანური მოპყრობის ნაცვლად გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების გადამეტების ან სხვა მუხლით,  რაც გამორიცხავს ინსპექტორის მონაწილეობას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია,  სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული, სადაც წარმოიშობა არაეფექტიანი გამოძიების რისკები, ექვემდებარებოდეს ინსპექტორის უპირატეს იურისდიქციას.

მიგვაჩნია, რომ მსხვერპლის მიმართვის ან საკუთარი ინიციატივით ინსპექტორის სამსახურს უნდა ჰქონდეს უფლება, გაეცნოს საქმის მასალებს და თავად გადაწყვიტოს, ექცევა თუ არა საქმე მის იურისდიქციაში.”- აცხადებს კოალიცია.

მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ეტაპები და ინსპექტორის სამსახურს მიეცეს საშუალება, ყველა საგამოძიებო მოქმედება განახორციელოს დამოუკიდებლად”

“საქართველოში არსებული საგამოძიებო სისტემისა და კანონმდებლობის მიხედვით, საპროკურორო ზედამხედველობის შინაარსის გათვალისწინებით, გამოძიებას პრაქტიკულად მთლიანად წარმართავს პროკურორი და ყველა საგამოძიებო ორგანოს გამომძიებელი ერთნაირი ხარისხით ექვემდებარება პროკურორის მითითებებს გამოძიების პროცესში.

რთულად წარმოსადგენია, რას შეცვლის ახალი სამსახურის შექმნა მხოლოდ საგამოძიებო ფუნქციით, მაშინ, როდესაც მის მიერ წარმართულ გამოძიებას კვლავაც ის უწყება უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა და რომლის მიმართაც ყველაზე მეტი პრეტენზია არსებობს. ამ რეფორმის პირობებშიც, გამოძიების ფარგლებში, ყველა კრიტიკულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება კვლავაც პროკურატურას ან მთავარ პროკურორს ექნება.

ამიტომ აუცილებელია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპები. ინსპექტორის აპარატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ყველა საგამოძიებო მოქმედება განახორციელოს დამოუკიდებლად და მხოლოდ ამის შემდგომ მიმართოს პროკურატურას,”- აცხადებს კოალიცია.

საქართველოს პარლამენტი უნდა დაფიქრდეს პერსონალური მონაცემების მონიტორინგისა და საგამოძიებო მექანიზმის ერთ უწყებაში გაერთიანების მიზანშეწონილობაზე”

“გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების პროაქტიულად კონტროლი ერთმანეთთან თავსებადი ფუნქციები არ არის და აღნიშნული ორი კომპეტენციის ერთი უწყების ქვეშ მოქცევამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამოუკიდებლობას, გააჩინოს ინტერესთა კონფლიქტი უწყების შიგნით და დაუკარგოს ნდობა ამ სამსახურის საქმიანობას. ინსპექტორის ინსტიტუტი დღეს არის სამართალდაცვითი პროცესისგან დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო, მაშინ, როდესაც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს უნდა იძიებდეს საგამოძიებო ბუნების მქონე უწყება. მაგალითად, ერთი მხრივ, ინსპექტორს მოუწევს გააკონტროლოს პროკურატურის მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერება, ხოლო მეორე მხრივ, ეთანამშრომლოს/დაემორჩილოს პროკურატურას გამოძიების პროცესში.”- აცხადებს კოალიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი