ნეტგაზეთი | “ლაგუნა ვერეს” ამუშავების მოთხოვნით “ქართუსთან” აქციას გამართავენ “ლაგუნა ვერეს” ამუშავების მოთხოვნით “ქართუსთან” აქციას გამართავენ – Netgazeti
RU | GE  

“ლაგუნა ვერეს” ამუშავების მოთხოვნით “ქართუსთან” აქციას გამართავენ

5 მაისს, 17 საათზე, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ფონდ “ქართუს” ოფისთან აქცია გაიმართება, რომელზეც “ლაგუნე ვერეს” ამუშავებას მოითხოვენ.
“ლაგუნა ვერე წელს 40 წლის ხდება! აუზი, რომელმაც ათასობით სპორტსმენი გაზარდა და რომელიც თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო იყო, ქართუ ჯგუფის მფლობელობაში მყოფი, 2013 წლის 30 დეკემბრის შემდეგ აღარ გახსნილა. დაახლოებით 8000 იქ მოვარჯიშე ადამიანი და ასზე მეტი თანამშრომელი გარეთ დარჩა. მეხუთე წელია აუზი უფუნქციოდ არის და მომაკვდავივით შველას ითხოვს… ჩვენ შევიკრიბებით ქართუს ოფისთან, რათა გავახსენოთ მათ და მთლიანად საზოგადოებას, რომ თბილისს სჭირდება ლაგუნა ვერე!”, – აცხადებენ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები.

“ლაგუნა ვერე” 2013 წლის 28 დეკემბრის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. როგორც მაშინ საცურაო აუზის თანამშრომლებმა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, დეკემბერში ერთთვიან შვებულებაში გავიდნენ და  შემდეგ ელოდებოდნენ, როდის განაახლებდა კომპლექსი ფუნქციონირებას.

დავით ჩხეტიანმა, ლაგუნა ვერეს მაშინდელმა დირექტორმა, 2014 წლის 5 მარტს ნეტგაზეთს უთხრა, რომ კომპლექსი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით დახურეს და “ლაგუნა ვერეს” გაყიდვა არ იგეგმებოდა. ის უარყოფდა “ქართუსთან” კავშრს, ისევე როგორც “ქართუ” აცხადებდა, რომ მას კავშირი არ ჰქონდა “ლაგუნა ვერესთან”.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლაგუნა ვერეს ტერიტორიის მფლობელი სააქციო საზოგადოება “სპორტული კომპლექსი ლაგუნა ვერეა”. საზოგადოებას მართავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის თავმჯდომარე გიორგი ჯანელიძეა. საზოგადეობის აღმასრულებელი დირექტორი კვლავ დავით ჩხეტიანია.

დავით ჩხეტიანი კომპანია “ლიზინგი ოცდამეერთეს” დირექტორია, კომპანიას რეგისტრაციის მისამართი “ქართუს” ოფისში აქვს, ხოლო “ლიზინგი ოცდამეერთეს” მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია “”ფინსეკ ლიმტედია”, რომელიც ივანიშვილთანაა დაკავშირებული.

“ლაგუნას ვერეს” აქციების მფლობელი სს “იუნიონია”. “იუნიონის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბესიკ დემეტრაშვილია, რომელიც ამავე დროს “ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com