“ლაგუნა ვერე” გასული წლის 28 დეკემბრის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. როგორც თანამშრომლები ამბობენ, დეკემბერში ერთთვიან შვებულებაში გავიდნენ და მას შემდეგ ელოდებიან, როდის განაახლებს კომპლექსი ფუნქციონირებას:
“არავინ არაფერს გვეუბნება, აღარც ხელფასს ვიღებთ, ბოლოს გვითხრეს, 10 მაისამდე დაიცადეთო, გავიდა 10 მაისიც და ისევ არაფერი. გვაინტერესებს, როდემდე უნდა ვიყოთ ასე. ათასობით ბავშვი, რომელიც კომპლექსით სარგებლობდა, ისე დატოვეს. ჩემი შვილიშვილი ორთაჭალის აუზზე გადავიდა სავარჯიშოდ, მაგრამ ბევრს სხვაგან სიარულის საშუალება არ აქვს და სულ ისე დარჩა”, – აცხადებს ერთ–ერთი თანამშრომელი ციცინო შაკულაშვილი.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ შეხვედრიან კომპლექსის გენერალურ დირექტორს, დავით ჩხეტიანს, თუმცა აქვთ ინფორმაცია, რომ კომპლექსი შესაძლოა დაანგრიონ და ამას არ დაუშვებენ.
თავად დავით ჩხეტიანი ადგილზე არ მისულა. ჩვენ შევეცადეთ მასთან ტელეფონით დაკავშირებას, თუმცა ვერ შევძელით. დავით ჩხეტიანმა 2014 წლის 5 მარტს “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ კომპლექსი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით დაიხურა და “ლაგუნა ვერეს” გაყიდვა ან დანგრევა არ იგეგმება.