ნეტგაზეთი | რატომ არ ფუნქციონირებს “ლაგუნა ვერე” რატომ არ ფუნქციონირებს “ლაგუნა ვერე” – Netgazeti
Batumelebi | RU

რატომ არ ფუნქციონირებს “ლაგუნა ვერე”

სპორტული კომპლექსი “ლაგუნა ვერე” 2013 წლის 28 დეკემბრის შემდეგ არ ფუნქციონირებს. როგორც “ლაგუნა ვერეს” თანამშრომლები ამბობენ, გენერალური დირექტორის, დავით ჩხეტიანის დახმარებით, კომპლექსის ყიდვას “ფონდი ქართუ” გეგმავს, თუმცა თავად ჩხეტიანი ამ ინფორმაციას უარყოფს.

იმის შესახებ, რომ “ლაგუნა ვერეს” ყიდვას “ფონდი ქართუ” გეგმავს, “ნეტგაზეთს” რამდენიმე თანამშრომელმა განუცხადა, ისინი სახელებისა და გვარების გამჟღავნებისგან თავს იკავებენ. შეკითხვაზე, თუ რატომ არ მუშაობს კომპლექსი, თანამშრომლები პასუხობენ:

 

“ქართუს” კითხეთ, რატომ არ ვმუშაობთ და ბატონ ჩხეტიანს, რომელიც “ქართუში” ზის და ისიც კი არ გვითხრა საბოლოოდ დავიხურეთ თუ არა”.

 

თანამშრომლები ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კომპლექსი არ დაიხუროს:


“ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ დაიკეტოს, ეს არის კოლექტივის აზრი და ქალაქის მოსახლეობის აზრიც, მე 35 წელია ვარ დირექტორი და 9 წელი სასამართლოებში დავრბოდი, რომ ამის დანგრევა უნდოდათ და არ დავანგრევინე. “მხედრიონს” არ დავანგრევინე და ახლა აპირებენ. მილიონზე მეტი ბავშვი ჰყავს გაშვებული ამ კომპლექსს, მთელი ქალაქის ბავშვები აქ გაიზარდნენ, ზოგი ახლა ბაბუაა. ზუსტ პასუხს არ გვეუბნებიან, გვეუბნებიან ხვალ–ზეგ, ხვალ–ზეგ, ჩვენც ასე ვეუბნებით მათ, ვინც მოდის” – ამბობს “ლაგუნა ვერეს” დირექტორი ვლადიმერ გოიაშვილი.


ერთ–ერთი თანამშრომლის განცხადებით, გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს ვერ ემსახურებიან, სამსახურის გარეშე დარჩა 300–მდე თანამშრომელი:

 

“28 დეკემბრიდან აუზი აღარ ფუნქციონირებს, მე მასაჟისტი ვარ, მაინც ყოველდღე მოვდივარ, მაგრამ ხალხი არ არის. ვთქვათ, გაიყიდა, ამდენი ბავშვი, ამდენი სპორტსმენი ასე უნდა დარჩეს? 300 მარტო თანამშრომელი ვართ. ომის დროს არ გაჩერებულა და ახლა გააჩერეს. არ გვეუბნებიან არაფერს, მიზეზებზე ჩვენთან არავინ საუბრობს, ისიც კი არ ვიცით, საბოლოოდ დავიხურეთ თუ არა”

 

დავით ჩხეტიანი კი თანამშრომლებთან კომუნიკაციის ნაკლებობას უარყოფს. მისი თქმით, კომპლექსის დახურვა ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით მოხდა, ამის შესახებ ყველა თანამშრომელმა იცის და “ლაგუნა ვერეს” გაყიდვა არ იგეგმება. 

 

“პროფილაქტიკური სამუშაოების დროს გამოვლინდა ბევრი ხარვეზი, რადგან 36 წლის მანძილზე, რაც ეს ობიექტი ექსპლუატაციაში შევიდა, მანდ არ გაკეთებულა კაპიტალური შეკეთება და მთელი ტექნოლოგიური სივრცე არის გამოსული პრაქტიკულად მწყობრიდან, ამორტიზებულია, ამის გამო ფუნქციონირება ძნელდება და დღეს კეთდება მონიტორინგი, რომ ვნახოთ რა ხარვეზებია, რა ხარისხის, დავადგინოთ და შევიმუშაოთ სრული აღდგენითი სამუშაოების გეგმა. ამჟამად ვატარებთ შემოწმებას”, – ამბობს დავით ჩხეტიანი.

 

შეკითხვაზე, თუ ვინ ახორციელებს ობიექტის მდგომარეობის შესწავლას, მან განაცხადა:

 

“დავავალეთ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც ამის კომპეტენცია აქვთ. როცა რაღაცას დავადგენთ, მაშინ დაგვიკავშირდით. ჩვენ ვადგენთ სრულ ზარალს, ეს არის ძალიან დიდი ობიექტი და ერთ და ორ დღეში არ კეთდება, ეს არ არის პატარა მაღაზია, შესასწავლია აბსოლუტურად ყველაფერი”.

 

დავით ჩხეტიანის განცხადებით, კომპლექსის გაყიდვა გამორიცხულია:

 

“არა, არავითარი გაყიდვა არ იგეგმება, ეს გამორიცხეთ საერთოდ, ზოგიერთი დარჩა დროებით უმუშევარი, რადგან თანამშრომლებთან ხელშეკრულება წლიდან წლამდე იდებოდა და ჩვენ არ შეგვიძლია უშრომლად გადაუხადოთ მათ ხელფასი, ამიტომ უხელფასო შვებულებაში გავუშვით გარკვეული პერიოდი. დააწყნარეთ ეს ხალხი, რომ არც ისე ცუდადაა საქმე. რაც შეეხება ქართუს, “ქართუ ფონდი” ჩემთან არავითარ კავშირში არ არის, ამ კომპლექსის დამაარსებელია სს “უნიონი” და მე მათი დანიშნული ვარ მანდ. მე “ქართუ ფონდში” არ ვმუშაობ. შეიძლება ვიღაცა ჭორაობდეს, მაგრამ არავითარი კავშირი არ არის”, – აცხადებს დავით ჩხეტიანი.

 

“ნეტგაზეთი დაუკავშირდა “ფონდ ქართუსაც”, მათ არ მოუწოდებიათ ინფორმაცია იმის თაობაზე, მუშაობს თუ არა “ქართუში” დავით ჩხეტიანი, თუმცა “ლაგუნა ვერეს” შესყიდვა უარყვეს:

 

“არანაირი შეხება ჩვენ ლაგუნა ვერესთან არ გვაქვს” – აცხადებენ “ქართუ ფონდში”.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი