ახალი ამბები

კანონპროექტი შსს-ს აკადემიისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭებაზე მიღებულია

20 ნოემბერი, 2013 • • 963
კანონპროექტი შსს-ს აკადემიისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭებაზე მიღებულია

კანონპროექტის მიღების მიზანია შს სამინისტროს უმაღლესი და საშუალო რგოლის პროფესიონალი კადრების მომზადება. შს სამინისტრო მიიჩნევს, რომ ცვლილებები საპოლიციო საქმის, როგორც პროფესიის პოპულარიზაციას, ასევე, პოლიციის სისტემის გაჯანსაღებას, აკადემიური პოლიციური კადრების ფორმირებას, პოლიციის კარიერული წინსვლის თანმიმდევრული სისტემის შექმნას, პოლიციის მუშაობის ეფექტიანობის მკვეთრ ზრდას, პოლიციის საზოგადოებაზე ორიენტირებულობას და სხვა ფაქტორებს შეუწყობს ხელს.

 

“საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეწუყობს აკადემიის ინფრასტრუქტურის ავტორაზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, სასწავლო პროგრამების შედგენას, ბიბლიოთეკის ფონდის გადახალისებას, აკადემიური კონკურსის ჩატარებას და საქმის წარმოების ერთიანი სისტემის შემუშავებას,” – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

ცვლილებების მიხედვით, შს სამინისტროს უფლება ენიჭება საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულო არ იქნება დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის არსებობა. 

 

აღნიშნულ კანონპროექტს საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ უჭერს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი