ახალი ამბები

მთავრობას საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკის გამკაცრება სურს

19 ნოემბერი, 2013 •
მთავრობას საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკის გამკაცრება სურს

ინიცირებული ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში შეიცვლება მთელი რიგი პროცედურები, რომელიც სავიზო საკითხებს ეხება:

 

“საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 360 დღის განმავლობაში დარჩენა მსოფლიოს 118 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, ხოლო იმათ კი, ვისაც ვიზა ესაჭიროება, გამარტივებულად უმეტეს შემთხვევაში საზღვარზე უშვებენ. სახელმწიფოს გამოცხადებული აქვს პოლიტიკური ნება: შემოუშვას ყველა, გარდა ძებნაში მყოფი კრიმინალებისა და ტერორისტებისა. ამგვარი სავიზო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში წარმოიშვა დაურეგულირებელი იმიგრაციული პროცესები, რომელთა მოსაწესრიგებლად უპირველეს აუცილებლობას წარმოადგენს სავიზო პოლიტიკის შეცვლა და უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა, რომელიც განახორციელებს კონტროლს ქვეყანაში უცხოელთა ლეგალურად შემოსვლასა და ყოფნაზე. ასევე მნიშვნელოვანია ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს სამართლებრივი საფუძველების გარეშე მყოფ უცხოელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. კანონპროექტის შემუშავების მიზეზი არის ზემოაღნიშნული საკითხების მოწესრიგების საჭიროება და ამის შედეგად სახელმწიფოში საიმიგრაციო პროცესის დარეგულირება”, – ასე ხსნის საქართველოს მთავრობა ზემოხსენებული ცვლილების მიღების მიზეზს.

 

მისი ავტორებისა და ინიციატორების განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებით საქართველოში უცხოელთა ყოფნის საფუძვლებისა და პროცედურების განსაზღვრა თანამედროვე რეალობისა და გამოწვევების შესაბამისად:

“არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა, ასევე, საქართველოდან უცხოელთა გაძევების საფუძვლებისა და პროცედურების, ასევე, გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების გასაჩივრების წესებისა და ვადების განსაზღვრა”.

კანონის მოქმედი რედაქციით, საზღვარგარეთ საქართველოს ვიზას გასცემენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, საზღვარზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო ქვეყნის შიგნით კანონიერად მყოფ უცხოელებზე ვიზის მოქმედების ვადას აგრძელებს და კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ხშირ შემთხვევაში ფაქტობრივად ახალ ვიზას გასცემს, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

 

“აღნიშნული მექანიზმი ქმნის მრავალ სირთულეს უცხოელთა შესახებ მონაცემების ადმინისტრირებისა და და მიგრაციული პროცესების მართვის კუთხით”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ვიზების გაცემა მოხდება მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ და მხოლოდ ცალკეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში ამას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო გამტარ პუნქტზე. ვიზის გაცემის ასეთი განსაკუთრებული შემთხვევები განისაზღვრება ვიზის გაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

კანონპროექტი დამატებით ადგენს  გარკვეულ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ვიზის მისაღებად მესამე ქვეყნებში განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს. კანონპროექტი არ მოიცავს იმ ქვეყნების ნუსხას, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცემათ. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ქვეყნები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

 

მოქმედი კანონით განსაზღვრული ვიზის კატეგორიებს უნდა დაემატოს ახალი, საიმიგრაციო ვიზა, ხოლო სამსახურებრივი ვიზის კატეგორია კანონპროექტში შეიცვალა სპეციალური ვიზის კატეგორიით. კანონპროექტით განისაზღვრა ვიზის ორი ტიპი: გრძელვადიანი და მოკლევადიანი. ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა არაუმეტეს 30 დღისა:

 

“მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთან, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180–დღიან პერიოდში. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელებზე, რომელთაც წინა წელს მიღებული აქვთ ერთი ვიზა მაინც, გამოიყენეს ეს ვიზა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არსებობს მათ მიერ მრავალჯერადი ვიზის მოთხოვნის საფუძველი. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით 90 კალენდრული დღის მოქმედების ვადით და წარმოადგენს დიპლომატიური ან აკრედიტაციის, ან ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობას”.

 

საქართველოს ვიზის უარის თქმის საფუძვლები მე–11 მუხლშია გაერთიანებული. უცხოელს ვიზის მიღებაზე შესაძლოა უარი უთხრან შემდეგ შემთხვევებში:

 

1. თუ უცხოელს არ გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები;

 

2. მას აქვს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისთვის;

 

3. თუ ვიზის მისაღებად ან მის გასაგრძელებად წარადგენს ყალბ ან არასრულ დოკუმენტაციას;

 

4. არ გააჩნია ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა, ან საქართველოში ცხოვრებისთვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური თანხები;

 

5. საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, საქართველოს მოქალაქეებისა და მცხოვრები პირების ჯანმრთელობას, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. (ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ამ შემთხვევაში არ გაიცემა დასაბუთებული დასკვნა პირისთვის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე);

 

6. საგარეო პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიუღებელია პირის საქართველოში ყოფნა;

 

7.  არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის ვადის გასვლის შემდეგ დარჩება საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე;

 

8.  თუ იგი არ იძლევა, ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის შესახებ.

 

ამასთან, საქართველოში მყოფ უცხოელს შესაძლოა ქვეყანაში ყოფნის ვადა შეუწყდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ბინადრობის ნებართვის მიღებისთვის ყალბ დოკუმენტაციას გამოიყნებს, ასევე, თუ იგი ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, უცხოელ სტუდენტებს ქვეყანაში ყოფნის დრო შეეზღუდებათ, თუ ისინი ვადაზე ადრე დაასრულებენ სწავლას საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ასევე, თუ უცხოელი შეწყვეტს იმ საქმიანობას და ურთიერთობას, რის საფუძველზეც მას ბინადრობის ნებართვა ჰქონდა მოპოვებული. ასეთი სულ 10 მიზეზია:

 

 

კანონპროექტი განსაზღვრავს საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძევების მიზეზებსა და პროცედურასაც. უცხოელი ქვეყნიდან შემდეგი შვიდი მიზეზის გამო შეიძლება გააძევონ:

 

დოკუმენტის მიხედვით, უცხოელს მისი გაძევების გადაწყვეტილება სასამართლოში შეუძლია გაასაჩივროს. გაძევების პროცესს შსს კურირებს.

 

კანონპროექტი ასევე ითვალისიწნებს გადამყვანი კომპანიების ვალდებულებებსაც. კერძოდ, გადამყვანი კომპანიები ვალდებულები არიან შეამოწმონ უცხოელთა სამგზავრო დოკუმენტები. აგრეთვე, წარადგინონ უცხოელი მგზავრები ინსპექტირებისთვის სასაზღვრო გამტარ პუნტქებში. აგრეთვე, უკან დააბრუნონ ის მოქალაქეები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას ვერ მიიღებენ არასათანადო დოკუმენტიის წარდგენის გამო.

კანონპროექტი ასევე ადგენს ვიზებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცესის ურთიერთკავშირს. კერძოდ, იგი ითვალისიწნებს ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას იმავე მიზნითი, რა მიზნითაც  მოიპოვება საქართველოში შემოსვლის უფლება. მაგალითად, კანონპროექტის თანახმად, თუ პირს სასწავლო ბინადრობის ნებართვის აღება უნდა, მან პირველ რიგში გრძელვადიანი ნებართვა უნდა აიღოს, რაც ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობას წარმოადგენს. რაც შეეხება ინვესტორებს, კანონპროექტის მიხედვით, ბინადრობის ნებართვის მისაღებად გრძელვადიანი ვიზის თავდაპირველად აღების ვადლებულებისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც სააგენტოს საინვესტიცო ბინადრობის ნებართვის აღების მიზნით მიმართავენ. 

 

საქართველოში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას რამდენიმე საზოგადოებრივ–პოლიტიკური ძალა ითხოვს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია “ეროვნული ფრონტი”, რომელიც პარალელურად ე.წ. არაბული ბარების დახურვის ინიციატივითაც გამოდის. მათ ზემოხსენებული მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. საქართველოს ხელისუფლებამ საემიგრაციო საკითხებზე მომუშავე კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა და რომელმაც მოცემული კანონპროექტი შეიმუშავა, მიმდინარე წლის ზაფხულში ჩამოაყალიბა. ივლისის თვიდან საქართველომ ცალმხრივად შეაჩერა უვიზო რეჟიმი ირანთან. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ იმაზე მსჯელობა, თუ რომელ ქვეყნებთან ექნება საქართველოს უვიზო რეჟიმი, აღნიშნული კომისიის ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის გადაწყვეტილებაც ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი