“ბატონი ბიძნა [ივანიშვილი] ოპტიმისტია, ოპტიმისტურად უყურებს ჩვენს მომავალს. დიდ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეიძლება გაჩნდეს სამუშაო ადგილები. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აყვავდეს სოფლის მეურნეობა, მას აქვს რეალური გეგმები ამასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ შრომას და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვიღაც ჩინეთიდან ან ინდოეთიდან ან სხვა ქვეყნიდან მოსული დაამუშავებს ჩვენს მიწას. მე შევთავაზე ბატონ ბიძინას, რომ ჩამოყალიბდეს ფონდი, რომელიც ტყის განაშენიანებას მოემსახურება. სათავეში ჩაუდგეს ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე. მე ვთხოვე ბატონ ბიძინას, რომ ახალგაზრდების მიერ თითოეულ დარგულ ხეზე მათ 50 თეთრი მიიღონ”,– განაცხადა ილია მეორემ.

 

28 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით და საბოლოოდ ის ინიციატივა დაამტკიცეს, რომელიც უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის შეჩერებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას დამტკიცებამდე ხანგრძლივი დებატები ახლდა.

 

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებდა, რომ სასოფლო- სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის შეზღუდვა იქნება ფიქტიური:

 

”თუ ვინმეს რეალურად აქ მიწის ყიდვა უნდა, საქართველოს მოქალაქეს გაურიგდება და მისი სახელით იყიდის. ეს იქნება კორუფცია და მას მოჰყვება მიწის გაძვირება. ყველა უცხოელ ინვესტორს ქართველი წილში ჩაუჯდება. ძალიან ბევრი არ მოინდომებს იმას, რომ ქართველთან დაიჭიროს საქმე. თუ არ გვინდა, რომ ეს მიწა დაიხნას და დამუშავდეს, მაშინ დავადოთ დიდი ბოქლომი საქართველოს.”

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი ფართობი 69.7 ათასი კვადრატული კილომეტრია; 2.6 მლნ ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულია. საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 0.6 ჰექტარი სახნავი და 0.62 ჰექტარი საძოვარი ფართობი მოდის. რა მოცულობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

 

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და კომპანიები საქართველოს მიწის ბაზარზე განსაკუთრებით 2012 წელს გააქტიურდნენ, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებამ შეუწყო ხელი და რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვაზე შეზღუდვა მოიხსნა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ეს გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

 

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, თუ, მაგალითად, 2010 წელს ინდოეთის მოქალაქეებმა 32 მიწის ნაკვეთი შეიძინეს, 2012 წელს ეს ციფრი 983-მდე გაიზარდა, თუმცა 2013 წელს, მას შემდეგ, რაც ამ კუთხით ახალი რეგულაციების შემოღების დადგა დღის წესრიგში, სულ 2 გარიგება შედგა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *