ახალი ამბები

აშშ–ის საპრეზიდენტო დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადება

17 ნოემბერი, 2013 • • 1301
აშშ–ის საპრეზიდენტო დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადება

“ამერიკის შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 17 ნოემბრის ინაუგურაციას. ჩვენ ველით მჭიდრო, კონსტრუქციული და ღრმა თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოსთან – ჩვენს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოსთან.

 

როგორც ამერიკის მთავრობის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) ხელმძღვანელს, მაქვს პატივი ვიყო ამერიკის საპრეზიდენტო დელეგაციის მეთაური ამ ისტორიულ ინაუგურაციაზე.

 

ამერიკის შეერათებული შტატები ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიან პოლიტიკურ ტრანზიციას და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. თქვენ მართლაც სანიმუშო მაგალითს წარმოადგენთ რეგიონისათვის.

 

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ამერიკის მთავრობამ საქართველოს გამოუყო 3 მილიარდი დოლარი, რაც მოიცავს 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ დაფინანსებასაც.

 

ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ საქართველოში ამ პერიოდის განმავლობაში, მართლაც რომ გამორჩეულია და მე ვამაყობ, რომ ამაში ამერიკის მთავრობამ დიდი წვლილი შეიტანა დიპლომატიური, განვითარებაზე ორიენტირებული და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებების ერთობლიობით.

 

ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ გავაუმჯობესეთ კანონის უზენაესობა, არჩევნების ადმინისტრირება და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ჩვენ ასევე გარდავქმენით სახელმწიფო სერვისების მუშაობა, შევამცირეთ კორუფცია, გავაუმჯობესეთ ენერგიის დისტრიბუცია, რამაც შესაძლებელი გახადა უწყვეტი ელექტრომომარაგება 15-წლიანი ჩავარდნის შემდეგ; ასევე, მივაღწიეთ სერიოზულ წინსვლას ჯანდაცვის სექტორში, მათ შორის, საქართველოსათვის “პოლიომელიტისაგან თავისუფალი ზონის სერთიფიკატის” მინიჭებას.

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ერთად უდიდეს წარმატებას მიაღწიეს, რასაც ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ, რაც გულისხმობს რეგიონში ყველაზე მასშტაბური დახმარების პროგრამის რეალიზაციას, მათ შორის USAID-ის 5-წლიან პროგრამას 180 მილიონი დოლარის დაფინანსებით და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტს 140 მილიონი დოლარის ფონდით.

 

ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ პრეზიდენტთან, მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტთან და ქართველ ხალხთან თანამშრომლობას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას და გავაგრძელოთ ქართველი ხალხისათვის უკეთესი მომავლის შენება.

 

ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს იმუშაონ ერთად, კონსტრუქციულ რეჟიმში, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს შეუქცევად განვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს თავის ურყევ პოლიტიკას მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში”.- ნათქვამია აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი